Thursday, October 18, 2018

ომბუდსმენი საგამოძიებო მასალებზე წვდომას ითხოვს

სახალხო დამცველი საგამოძიებო მასალებზე წვდომას ითხოვს და ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენი შესაბამის კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ზოგიერთ საქმეში ომბუდსმენის აპარატს არ ეძლევა იმის შეფასების საშუალება, ხორციელდება თუ არა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები.
„სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას საგამოძიებო მასალებზე ჰქონდეს წვდომა იმიტომ, რომ ზოგიერთ საქმეში არ გვეძლევა იმის საშუალება, შევაფასოთ ხორციელდება თუ არა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. ზოგიერთი კატეგორიის საქმეში, მაგალითად როგორიც არის ადამიანის სიცოცხლის უფლება ან წამების აკრძალვა, ადამიანის უფლებების დაცვა მარტო იმას კი არ გულისხმობს, რომ ვნახოთ, მართლა მოკლეს თუ მართლა აწამეს ადამიანი, არამედ სახელმწიფო ასევე ვალდებულია ჯეროვანი პროცედურებით გამოიძიოს საქმე. ამ გამოძიების შესაფასებლად ჩვენ ბუნებრივია, გვჭირდება გარკვეული მასალები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საგამოძიებო მასალებზე წვდომა გვქონდეს. ხორავას ქუჩის საქმე ერთერთი საილუსტრაციო იყო ამ შემთხვევაში.ჩვენ შესაბამისი რეკომენდაციის სახეს მივცემთ ამ ყველაფერს და შემდეგ მივმართავთ პარლამენტს,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ
imedinews.ge

No comments:

Post a Comment