Tuesday, October 9, 2018

უმრავლესობა: კანაფის კანონპროექტის გადავადება არჩევნებს არ უკავშირდება

პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვის ორ თვით  გადავადებას ეხმიანება.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი აპირებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების გზით გაიმარჯვოს და შემდეგ კანაფის კულტივაციის შესახებ ინიციატივა დააკანონოს.
ოპოზიციის საპასუხოდ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვის გადავადება არჩევნებს არ უკავშირდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკითხზე ჯერ ფართო კონსულტაციები უნდა გაიმართოს , მათ შორის ეკლესიასთან. 
თუმცა განსხვავებული პოზიციები ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში ისევ არსებობს. მაგალითად გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ კანაფის მოყვანა-კულტივაციის პროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. კანონპროექტის წინააღმდეგია "მწვანეთა მოძრაობის" ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძეც. 
ნაციონალური მოძრაობის პოზიციას დღეს "გირჩის" პოლიტიკური ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა. ჯაფარიძის თქმით, ნაცმოძრაობის პოზიცია ფარისევლურია, რადგან მათთან ერთად არაერთხელ მოუწევია კანაფი.
შს მინისტრი გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საზოგადოებასთან კონსენსუსის მიღწევამდე გაგრძელდება და "ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც".
კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საპატრიარქო კანონპროექტის უკან გაწვევას ელოდება. 
კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
15 სექტემბერს ღამით, საკრებულოსთან სასულიერო პირებმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა გააპროტესტეს.
შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.
იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

imedinews.ge

No comments:

Post a Comment