Wednesday, March 13, 2019

საქართველოში 73 652 პირს საბანკო სესხებზე განაკვეთი 6,5%-მდე შეუმცირდა

73 652 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

2019 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 73 652 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შეუმცირდათ.
დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3536 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 907-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 3504.3 მილიონიდან 3536 მილიონ ლარამდე.
73652 ხელშეკრულებიდან 20414 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 376.3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 თებერვლის მდგომარეობთ 15.8% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 თებერვლის მონაცემებით 26 330 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.4%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1045.7 მილიონი ლარია.
23 248 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1881.65 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 662.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 თებერვლის მონაცემებით 1219 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.6%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 თებერვლის მონაცემებით 888 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15,893 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.4%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2594 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 54.2 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 თებერვლის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 31.29%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1543.6 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.9%-დან 11.5%-მდეა შემცირებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ინფლაციის დაბალი დონის, გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილურობის და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის ტენდენციის პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო.
სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მოლოდინი გააჩინა, შესაბამისად მარეგულირებელს მოუწია მონეტარული პოლიტიკის შერბილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მომავალში მიზანშეწონილია რეფინანსირების განაკვეთის კვლავ შემცირება, რათა არ მოხდეს საბანკო სექტორის აქტივობის შენელება და მოსახლეობას გაეზარდოს ფინანსებზე წვდომა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment