Saturday, March 23, 2019

ტალინში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - „ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის სამყარო" გაიხსნა. გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა ეკუთვნის მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას და ისინი ერთიან კოლექციად პირველად იქნა გამოფენილი საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ტალინში ასევე გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის 3 ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.

ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, ამავე სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების კურატორმა, ირმა დოლიძემ, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, სირიე ჰელმემ და მიკკელის მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრა მურრემ.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების მაღალი დონის თანამდებობის პირები, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურული და ბიზნეს წრეების, ესტონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის  წარმომადგენლები.

გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში, 23 და 24 მარტს მიკკელის მუზეუმში გაიმართება ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი შენეცნებით-საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გაკვეთილებს ინგლისურ (ესტონური თარგმანით) და რუსულ ენებზე ჩაატარებენ საგანგებოდ ამ ღონისძიებისათვის საქართველოდან მოწვეული პედაგოგები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.

ასევე, 23 მარტს სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი ექსპერტი თამარ მელივა წაიკითხავს საჯარო ლექციას ქართული კულტურისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თემაზე - „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“.

გამოფენა მიკკელის მუზეუმში  23 მარტიდან 2019 წლის 11 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.​
imedinews.ge

No comments:

Post a Comment