Wednesday, March 6, 2019

როგორ გეგმავს მერია თბილისში გამხმარი ხეების ჩანაცვლებას

დედაქალაქსა და მის შემოგარენში თბილისის მერია მასშტაბურ სანიტარულ ღონისძიებებს ახორციელებს. მერიას უკვე 22 000-ზე მეტი გამხმარი ხე-მცენარე აქვს მონიშნული. პრობლემაა ქალაქში ფიჭვების ხმობაც. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ფიჭვების სანიტარული ჭრა 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მერიის განმარტებით, ფიჭვების ხმობის მიზეზი ხეების რესურსის ამოწურვაა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის თქმით, დღეისთვის ურბანულ სივრცესა და თბილისის გარშემო არსებულ სატყეო ფართობებზე უკვე, დაახლოებით 4 000-მდე ხეა მოჭრილი. 
"ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე თბილისში 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული ხე-მცენარე მოიჭრება. პარალელურად, გავლილ ტერიტორიებზე ვაპირებთ ტერიტორიის აღდგენას, რათა დედაქალაქში არ გვქონდეს მწვანე სივრცეების კლება და ის მიკრო კლიმატი, რაც ამ ხეებით იყო შექმნილი შენარჩუნებული იყოს", - აცხადებს გიგა გიგაშვილი.    
მერიამ სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ მოჭრილი ფიჭვები ე.წ. შერეული კორონებით ჩანაცვლდება:
"წიწვოვანი მცენარეების შემთხვევაში  ვფიქრობთ, რომ არჩევანს უფრო მეტად კედარზედა იტალიურ ფიჭვზე გავაკეთებთ, რადგან უფრო გამძლე და მედეგია თბილისის კლიმატისთვის. რაც შეეხება ფოთლოვან მცენარეებს, უფრო დიდი არჩევანი გვაქვს. შერჩეულია დაახლოებით 7-8 სახელობის მცენარე, რომლითაც ტერიტორიები სრულად ჩანაცვლდება და აღდგება", - განმარტავს გიგა გიგაშვილი.
გიგა გიგაშვილის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა. მისი განმარტებით, დედაქალაქის მცხოვრებლებს Facebook- ის გვერდზეც შეუძლიათ, რომ მიმართონ "და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ ფაქტზე რეაგირებას. ადგილის დათვალიერების შედეგად დაადგენენ ხის მდგომარეობას, იმ შემთხვევაში თუ ხე რეალურად გამხმარია და არაფერი ეშველება მოჭრიან", - თქვა გიგაშვილმა.
როგორც მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს, გამხმარი ფიჭვები უფრო მეტად საბურთალოს ტერიტორიაზე, ყოფილი ინფექციურის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოშია.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს. დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრის პროცესი 2019 წელს უნდა დასრულდეს .
imedinews.ge

No comments:

Post a Comment