„პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი პრემიერმინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინაშვილი კვირიკაშვილს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი პრემიერის დირექტივებით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, დროა ბიძინა ივანიშვილმა დაპირება შეასრულოს და მიმდინარე პროცესებში ჩაერთოს.
„ამ პროცესების მიღმა დგას უშუალოდ პრემიერი კვირიკაშვილი. სწორედ მისი დირექტივებით მიდიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ე.წ. ბონუსის მოდელს. კვირიკაშვილი და მისი მოაზრეები ახორციელებენ ხელისუფლების უზურპაციას და მე კვლავ მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - დროა შეასრულოს დანაპირები და ჩაერთოს ამ პროცესებში. ვურჩევ პრემიერ კვირიკაშვილს, დატოვოს თანამდებობა“, - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს და პარალელურად აქციებსაც აანონსებს.
“პატრიოტთა ალიანსი“ რიგგარეშე სესიას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
პარლამენტში რიგგარეშე სესია დღეს გაუხსნა. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხია წარმოდგენილი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონპროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 21 ივნისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ მიმართა. გუშინ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment