Wednesday, June 21, 2017

მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის  ელჩის რეზიდენციაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა, სადაც ღრმა მწუხარება გამოხატა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„თუ ჰელმუტ კოლის განვლილ ცხოვრებას გავიხსენებთ, ნათელი გახდება, რომ დავკარგეთ უდიდესი ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში. წლების განმავლობაში მისი საქმიანობა ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა: გერმანიისა და ევროპის გაერთიანებას. ეს იყო ის მიზნები, რომლებსაც მან  წარმატებით გაართვა თავი“ - ნათქვამია მინისტრის ჩანაწერში.
გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი, ქალაქ ლიუდვიგსჰავენ-ამ-რაინში, 87 წლისა, საკუთარ სახლში 16 ივნისს გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს BBC. 
ჰელმუტ კოლი გერმანიის კანცლერი 1982-1998 წლებში იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის 1989 წელს გერმანიის გაერთიანებაში და 1992 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად ევროკავშირის შექმნაზე მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებაში. ის თავისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად - 16 წლის მანძილზე მართავდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

No comments:

Post a Comment