Friday, June 2, 2017

ვინ მოდის მომავლიდან? - გაიცანით ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვეს

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია წარმატებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სრული დაფინანსების მოპოვება შეძლეს და განათლების მიღებას საზღვარგარეთ განაგრძობენ. AMBEBI.GE სწორედ ასეთ ახალგაზრდებს გაგაცნობთ:

რატი ზედგინიძე
დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი ზედგინიძე აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. რატი ზედგინიძემ უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით, 80 000 დოლარიანი დაფინანსება მიიღო, რომელიც სრულად აანაზღუარებს 4 წლიან სასწავლო კურსს. წარმატებულმა ახალგაზრდამ
დაფინანსება TOEFL-ის და SAT-ის მათემატიკური ტესტის ჩაბარების შემდეგ მოიპოვა.

რატის პილოტობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა ამაზე სერიოზულად ფიქრი მე-9 კლასიდან, ინგლისური ენის შესწავლა კი ერთი წლის წინ, მე-11 კლასში დაიწყო.

"თავიდან საქართველოში ვაპირებდი სწავლას, მაგრამ 2 წლის წინ გადავწყვიტე სწავლა ამერიკაში გამეგრძელებინა. ერთი წლის წინ დავიწყე ინგლისურის სწავლა. გასული წლის დეკემბერში ჩავაბარე გამოცდები. ამერიკის 5 უნივერსიტეტში გავგზავნე ჩემი შედეგები, საიდანაც ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხები მივიღე. ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან აქ ჩემთვის სასურველი მიმართულება და უკეთესი დაფინანსება იყო. შიდა, 
მათემატიკის ტესტი უკვე ვწერე იმის გასარკვევად, თუ როგორ კლასში უნდა ჩავრიცხულიყავი", - განაცხადა რატი ზედგინიძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ვირჯინიის შტატში სწავლას აგვისტოდან იწყებს. რატი ზედგინიძე დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლიდან პირველი მოსწავლეა, ვინც სწავლას ამერიკაში განაგრძნობს.

მერი კავთელიშვილი
კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი მსოფლიოს 4-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ $250 000 დაფინანსება მისცა.

მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania აირჩია.

პენსილვანიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია ამერიკაში და Ivy League-ის წევრია, სადაც მხოლოდ რჩეული და პრესტიჟული უნივერსიტეტები შედის. უნივერსიტეტის კამპუსი 12 სკოლას, 170-ზე მეტ კვლევით ცენტრს, 4200 ფაკულტეტსა და 20 000 სტუდენტს აერთიანებს.

პენსილვანიის უნივერსიტეტი U.S News & World Report-ის რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს. აქ სწავლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, უორენ ბაფეტი, ილონ მასკი და სხვები.

ტბელ აბუსერიძე
ტბელ აბუსერიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობდა, როდესაც მერილენდის ქალაქ ანაპოლისში მდებარე St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატზე ჩაირიცხა. მას უნივერსიტეტმა ოთხივე წლის საფასური დაუფინანსა (წელიწადში 58 650 დოლარი). ის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩარიცხულ 10 სტუდენტს შორის მოხვდა.

"როდესაც მივხვდი, რომ სამართალი ჩემი საქმე არ არის და პირადი თავისუფლება უფრო მაღლა დავაყენე ვიდრე პროფესია, დავიწყე ფიქრი, სად შემეძლო ყველაზე უკეთ ჩემი ინტერესების შესაფერისი განათლების მიღება.

St. John’s College-ში იმას ასწავლიან, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ვნახე ცხრილი, საგნები, თუ რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მე იქ მოვხვედრილიყავი, გადმოვწერე მიღებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია. დავწერე თემები, წიგნის რეცენზია, გავაგზავნე extracurricular work, აღვუწერე ყველა ჩემი აქტივობა და ინტერესი. პრობლემებით დაწყებული, იმიტომ რომ ეს გრანტთან პირდაპირ კავშირშია, დამთავრებული წარმატებებით, რომელიც ასევე ჩარიცხვასთან იყო კავშირში. არავინ მყავდა ისეთი ვინც, ელემენტარულად, აპლიკაციების შევსებაში დამეხმარებოდა, ამიტომ ინდივიდუალურად გავართვი თავი უამრავ რამეს. დაწყებული CSS პროფილის შევსებიდან, ყველაფრის დეტალურად შევსება მომიწია, ოჯახის შემოსავალი, გასავალი, რამდენი ვცხოვრობთ, ისიც კი, რამდენი გვიჯდება სახლის დასუფთავება და ყოველდღიური კვება. საბოლოოდ მომივიდა დადებითი პასუხი. მითხრეს, რომ ეს უნივერსიტეტი ჩემთვის იყო შექმნილი და მიმღებ კომისიაზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე. მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ მე გაცვლითი პროგრამით არ მივდივარ, დაფინანსება ინდივიდუალურად მოვიპოვე.

St. John’s College-ში მოქმედებს ორი ტიპის გრანტი: ფედერალური და საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება. პირველში მოვიპოვე 23 000 დოლარის ოდენობის გრანტი, როგორც მითხრეს, ეს იყო ყველაზე სოლიდური თანხა, რაც კი სტუდენტზე გაიცა. მეორე საგრანტო პროგრამაშიც იმდენი ავიღე, რომ საბოლოოდ ყოველწლიური გადასახადიდან, 60 000 დოლარიდან - 58 650 დოლარის გრანტი ავიღე. საბოლოოდ, წელიწადში მხოლოდ 1 350 დოლარი მექნება გადასახდელი. (გაგრძელება)
 kvirispalitra.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment