"ჩემს მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკაა. ბრალდება თითიდან გამოწოვილია. ყველა კითხვას ვუპასუხე. სკამს არ გამოვეკიდები, მაგრამ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და აბსურდის თეატრში მონაწილეობას არ მივიღებ. კლანური მმართველობა არ არსებობს. ყველა უწყებაში შეიძლება იყოს თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც მოდიან წლების განმავლობაში და ეს არის კორპორაციული ერთობა, რომელიც რაღაც საკითხებში შეიძლება არ იყოს ერთიანი, რაღაც საკითხებში კი, შეიძლება დაემთხვეს მათი აზრი. ამისთვის კლანური მმართველობის დარქმევა ყოვლად უსაფუძვლოა", - განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჩინჩალაძემ მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენციაზე.
მიხეილ ჩინჩალაძე უვადო მოსამართლე 11 მაისს გახდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე - 29 მაისს. მის კანდიდატურას არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგებოდა.
სასამართლო კორპუსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლე წევრებს ირჩევს - ფარული კენჭისყრით. ასევე უნდა აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი, ლევან მურუსიძის შემცვლელი და სადისციპლინო კოლეგიის ახალი სამი მოსამართლე წევრი.
ლევან მურუსიძეს, თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს და მერაბ გაინაშვილს საქმინობის ვადა ეწურებათ.
მოსამართლეთა კონფერენციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის ახალი ოთხი არამოსამართლე წევრიც ესწრება, რომლებიც პარლამენტმა 21 ივნისს დაამტკიცა - ირმა გელაშვილი (100 ხმით), ლევან გზირიშვილი (93 ხმით), ზაზა ხარებავა (84 ხმით), ნაზი ჯანეზაშვილი (108 ხმით).
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით 26 ივნისს შეიკრიბება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment