Wednesday, December 27, 2017

როგორ აპირებს სამინისტრო უნივერსიტეტების შემოწმებას (ინტერვიუ მინისტრთან)


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სასწავლებელს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აქვს. გახსნის ოფიციალური ღონისძიება დღეს დილით გაიმართა. მას უნივერსიტეტის რექტორი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ასევე სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ. "მაესტრო" განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ესაუბრა.   


პირველ რიგში დღევანდელი ღონისძიების შესახებ მოგვიყევით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საერთო საცხოვრებლის გახსნა უნივერსიტეტისთვის?

მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში. გაიხსნა თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი 320 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც ასე ელოდნენ სტუდენტები, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები და მინდა ყველა სტუდენტს მივულოცო ამ საერთო საცხოვრებლის გახსნა. ასევე მინდა გითხრათ, რომ მალევე დაიწყება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი. ჩვენ უკვე მოლაპარაკებები გვაქვს კერძო სექტორთან, რომლებიც დააფინანსებენ და ააშენებენ კიდევ უფრო დიდ საერთო საცხოვრებელს. ეს იქნება 3 000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომლითაც ისარგებლებენ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ სხვა უმაღლესი სასწვალებლებისაც, მათ შორის უცხოელი სტუდენტებიც.

წელს უნივერსიტეტს საიუბილეო თარიღი აქვს, 100 წელი უსრულდება და ეს ღონისძიებებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლების საერთო კონტექსტში და ამ კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის განვითარების თვალსაზრისით, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება?

პირველ რიგში, უნივერსიტეტს ვულოცავ 100 წლის იუბილეს, მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, რომელსაც 8 თებერვალს რასაკვირველია გრანდიოზულად აღვნიშნავთ და მთელი წელი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის მეცნიერების ფესტივალი გაისად მიეძღვნება 100 წლის იუბილეს და ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. რაც შეეხება ზოგადად უმაღლეს სასწავლებლებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტროს მთავარი საზრუნავი იქნება უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი. აქიდან გამომდინარე უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება დაიწყება ხარისხთან მიმართებაში ავტორიზაციის კუთხით და ის უნივერსიტეტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ავტორიზაციის სტანდარტებს, ისინი სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ. საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, მშობლებს, აბიტურიენტებს, რომ უნივერსიტეტები, რომლებსაც ავტორიზაცია აქვთ მინიჭებული, მართლაც მაღალი სტანდარტის უნივერსიტეტები უნდა იყოს, სადაც სტუდენტები მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ.

ამ თემაზე თქვენ პარლამენტში გამოსვლის დროსაც ილაპარაკეთ. რა შეგიძლიათ თქვათ დღევანდელი მდგომარეობის შესახებ? რადგან ეს შემოწმებები იგეგმება, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ვითარება დამაკმაყოფილებელი არ არის. დღეს როგორია უმაღლესი განათლების ხარისხი?

როგორც მოგახსენეთ, უკვე დაიწყება ფართომასშტაბიანი, არაგეგმიური შემოწმება უნივერსიტეტების ავტორიზაციის კუთხით და ისინი, რომლებიც ამ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, მათ მიეცემათ საშუალება გამოასწორონ სტანდარტი თავიანთ უნივერსიტეტებში, მაგრამ ის უმაღლესები, რომლებიც ამას ვერ შეძლებენ, ეს იქნება საბაბი იმისთვის, რომ მათ სტუდენტების მიღება შეუწყდეთ.

სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტი უდავოდ არის პროფესიული განათლება, ამაზე ბოლო პერიოდში საუბარი მუდმივად არის. საჯარო სივრცეში საინტერესო ტერმინი გაჩნდა "პროფესიული უმაღლესი". რა დატვირთვა აქვს ამ ტერმინს, იქნებ ამის შესახებ გვითხრათ, რატომ ახსენებთ ამ ტერმინს?

ეს ძალიან დიდი საკითხია. პროფესიული განათლება უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ოჯახების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ შვილებმა აუცილებლად უმაღლესი განათლება უნდა მიიღონ იმისთვის, რომ წარმატებული კარიერი ჰქონდეთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს დავანახებთ, პროფესიული განათლების პლუსებს და ამ კუთხით მინდა კონკრეტული ინიციატივები გითხრათ. ჩვენ გვსურს, რომ უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე განვითარდეს პროფესიული კოლეჯები. ზოგადად, ჩვენ დავამკვიდრებთ უმაღლესი პროფესიული განათლების კონცეფციას და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იყვნენ უმაღლეს სასწავლებლებში და უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე არსებულ კოლეჯებში პროფესიულ მომზადება გაიარონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩვენ კერძო კომპანიებთან, კერძო სექტორთან უკვე დაწყებული გვაქვს საკმაოდ აქტიური მოლაპარაკებები, რომ მათ ბაზაზე შეიქმნას პროფესიული კოლეჯები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან. პროფესიული პროგრამების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სწორედ ის გახლავთ, რომ პროფესიული განათლება პირდაპირ ბმაშია დასაქმებასთან. კურსდამთავრებულები შეძლებენ, რომ ჰქონდეთ სამუშაო. დასაქმების ბაზარზე არის ვაკანსიები და მათ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება.

თქვენ მენტალობის საკითხი ახსენეთ. ამ პრობლემას როგორ შეიძლება ეშველოს, როგორ შეიძლება დღეს ოჯახი დავარწმუნოთ, რომ არ არის ტრაგედია, თუ მისი შვილი პროფესიულ სასწავლებელში წავა? ამ კუთხით რა შეიძლება ვურჩიოთ, მათ შორის მედიასაც, რომ მეტი პოპულარიზაცია მოხდეს პროფესიული განათლების?

რასაკვირველია, აქ მედიის ჩართულობის იმედიც გვაქვს. ჩვენ კონკრეტული მაგალითების ჩვენებით მოვახერხებთ ამას, აქ არის როგორც უცხოეთის მაგალითები, მაგალითად გერმანიის. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ბურჯი გახლავთ სწორედ პროფესიული განათლება და საქართველოშიც ჩვენ უკვე გვაქვს, და შეგვიძლია ამით ვიამაყოთ, საკმაოდ მაღალი დონის, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული კოლეჯები, მაგალითად „სპექტრი“ და სხვები. სწორედ კონკრეტული მაგალითების ჩვენებით, კურსდამთავრებულების წარმატებული დასაქმების მაგალითების ჩვენებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის დარწმუნებას, რომ პროფესიულ განათლებას საკმაოდ მაღალი წარმატებები მოაქვს.

კარგია, რომ „სპექტრი“ ახსენეთ, მე ამ სასწავლებელში ნამყოფი ვარ და მართლაც შემიძლია ყველას ვურჩიო, მივიდეს, ნახოს. ის მართლაც სამაგალითოა. ასეთი სასწავლებლის არსებობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამ წამოწყებაში,  რასაც პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ჰქვია, მხარს გიჭერთ...

და ასეთი კოლეჯების რაოდენობა გაიზრდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment