Tuesday, December 26, 2017

მინისტრები დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს


საქართველოს მთავრობის წევრები თბილისსა და პანკისში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად ქვეყანამ დიდი საფრთხე აიცილა თავიდან.
დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, მნიშვნელოვანია რომ საფრთხე განეიტრალდა.
"ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა და საფრთხეა, რომელიც ემუქრება ნებისმიერ მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეცოპერაციები ჩატარდა ისე, რომ არ მოხდა იმ გეგმების განხორციელება, რომლებიც ტერორისტებს ჰქონდათ გეგმაში. საფრთხე იქნა თავიდან აცილებული და განეიტრალდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ეს მოხერხდა სპეცსამსახურების ძალიან გამართული მუშაობის შედეგად", - განაცხადა სუბარმა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველამ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს.
"ყველამ - სამთავრობო უწყებებმა და თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ. როგორც ადრე ვამბობდით, ახლა ეს თვალხილული გახდა - ეს არის სამსახური, რონელიც დღე და ღამე შრომობს იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაში. ამიტომაც მათ აქვთ მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ მომავალშიც - იქნება ეს საკანონდებლო თუ პრაქტიკული საქმიანობა, იმისათვის რომ მომავალი თაობები მშვიდობიან ქვეყანაში გაიზარდონ" -  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. წინასწარი და ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დღეს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე. 
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს
ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment