Monday, December 25, 2017

კვლევა: 2.5 წლის განმავლობაში 2.86 მილიარდი ლარის გამარტივებული ხელშეკრულებები დაიდო



"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დღეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში გაანალიზებულია 2015 წლიდან 2017 წლის პირველ ნახევრამდე პერიოდი.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული ტენდერების წილი გაზრდილია. კერძოდ, 2.5 წლის განმავლობაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 2.86 მილიარდი ლარია - "2015 წელს გამარტივებული შესყიდვები მთლიანი შესყიდვების 33.7% იყო, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 37%-ს მიაღწია".
კვლევის თანახმად, ახლადდაფუძნებულ კომპანიებთან 95 მილიონი ლარის ღირებულების 25 625 ხელშეკრულება დაიდო. 
ამასთან კვლევაში წერია, რომ 150-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა 140-მდე  პირმა (ყოფილი ან მოქმედი მეწილე ან დირექტორი) მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” 6 მილიონ ლარამდე თანხა შესწირა. მათი კომპანიების მიერ მიღებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ კი დაახლოებით, 75 მილიონი ლარი შეადგინა.
ორგანიზაციის კვლევაში ასევე წერია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რეგისტრირებულ 2 400-ზე მეტ ორგანიზაციას არცერთი ხელშეკრულება არ გაუფორმებია ტენდერის გზით და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით სარგებლობდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment