Tuesday, December 26, 2017

ლევან იზორია სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სომეხ კოლეგას, ვიგენ სარგსიანს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებასა და სამხედრო მედიცინის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა. 
 
2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას ხელი ლევან იზორიამ და ვიგენ სარგსიანმა გასულ წელს მოაწერეს. 2018 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კავშირი უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, არსებულ გამოწვევებს. მინისტრებმა ამ კონტექსტში საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.
 
მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობაზეც იმსჯელეს, რომლებიც მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებში „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.
 
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment