არასამთავრობო ორგანიზაცია "აი ფაქტის" ინფორმაციით, აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ციხეში 6 წელს გაატარებს. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.
დღეს, ბელაქანის სასამართლოს დარბაზში, მოსამართლემ საბოლოო სიტყვის უფლება მისცა მუხტარლის, რაზეც მან უპასუხა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, რადგან ის თავის სიტყვას ყველგან იტყვის სიცოცხლის ბოლომდე.
“ჩემი ცხოვრების მანძილზე მე ვიბრძოდი უკანონობის წინააღმდეგ. საქართველოში ცხოვრებისას, ჩემი ყველა ნაბიჯი აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდებოდა. ჩემს თვალთვალში დახარჯული თანხები უკეთესი იქნებოდა, მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიემართათ,” – განაცხადა მუხტარლიმ საბოლოო სიტყვაში. “მე გამიმართლა, რადგან სხვა ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ადრე დაუკავებიათ, უარეს ვითარებაში აღმოჩენილან, ან უწამებიათ ან მოუკლავთ. პირველად შემეშინდა, როცა საზღვარზე გადამიყვანეს, მეგონა, რომ მომკლავდნენ.”
მუხტარლის ადვოკატებმა მოსამართლეს სასჯელის შემცირება სთხოვეს, ვინაიდან მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პროკურორმა ამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს ბავშვების დაბადების მოწმობები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მუხტარლის უდანაშაულობას დაადასტურებდა. ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ყურადღება გაამახვილა მუხტარლის დაკითხვის ოქმებზე. არცერთ ოქმს არ აქვს ბრალდებულის ხელმოწერა და არც განმარტება, თუ რატომ არ მოაწერა მათ ხელი მუხტარლიმ.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეს „აფგან მუხტარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ" პრიორიტეტი მიანიჭა. საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
მუხტარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად საქართველო 11 ოქტომბერს დატოვა. 31 დეკემბერს აფგან მუხტარლის და და დისშვილები, აზერბაიჯანულ ქალაქ ზაქათალაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment