საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ვიცესპიკერი გია ვოლსკი პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბისთვის ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსის შესაძლო მინიჭებას ეხმიანება. მისი თქმით, ამ პროცესს არგუმენტირებული განხილვა სჭირდება. ამის მიუხედავად, ვოლსკი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იქნება.
"დროშის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლოსადმი დამოკიდებულება არ არის. ეს არის პატრიოტიზმის, პათოსის და სიყვარულის გამოხატულება. თუკი მას ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლად ვაღიარებთ, მომზადებული და არგუმენტირებული განხილვა სჭირდება. ვფიქრობ, ეს (გადაწყვეტილება) მართებული იქნება", - თქვა გია ვოლსკიმ.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს. ეს ინიციატივა საბჭოს წარმომადგენელმა მამუკა გონგაძემ პარლამენტში დააყენა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია მიმდინარეობს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment