ნორვეგიისა და იტალიის უნივერსიტეტების მეცნიერთა გუნდი ამტკიცებს, რომ შუა საუკუნეებში ევროპაში "შავი ჭირი" ადამიანებმა გაავრცელეს და არა თაგვებმა. მანამდე ითვლებოდა, რომ დაავადებების მომტანი XIV-XIX საუკუნეებში მღრღნელები და მათზე არსებული ტილები იყვნენ. კვლევას ვრცლად BBC აქვეყნებს.
1347-დან 1351 წლამდე, "შავი ჭირის" გამო ევროპის მოსახლეობის მესამედი ნაწილი დაიღუპა - დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი. "ეპიდემიის დროს, ევროპის 9 ქალაქში სიკვდილიანობის მონაცემები მოვიპოვეთ, ამიტომაც შესაძლებლობა გვქონდა დეტალური ანალიზის", - აცხადებს ოსლოს უნივერსიტეტის მეცნიერი ნილს სტენსეტი.
მეცნიერებმა კომპიუტერში, თითოეულ ქალაქში, დაავადების გავრცელების დინამიკა ააგეს. გამოიყენეს გავრცელების 3 მოდელი: თაგვებით, ჰაერით, ადამიანებზე და ტანსაცმელში არსებული ტილებით. კვლევამ აჩვენა, რომ ცხრა ქალაქიდან შვიდში ადამიანური პარაზიტების მოდელით ყველაზე სწრაფად გავრცელდა დაავადება.
"შედეგი ნათელი იყო. გავრცელების მოდელებს შორის, ყველაზე სწრაფები ადამიანი ტილები იყვნენ", - განაცხადა მეცნიერმა.
"შავი ჭირი" აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში კვლავაც აქტუალურია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2010 წლიდან 2015-მდე მსოფლიოში ეპიდემიის 3248 შემთხვევა დაფიქსირდა, ამთგან 584 ფატალური იყო.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment