საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა თბილისის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დავითულიანის განმარტებით, ამ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მერიის თანამდებობის პირთა ხელფასები არ გაიზრდება. ამასთან, დავითულიანი ამბობს, რომ ამ ცვლილებების მომზადების პროცესში თბილისის საკრებულოს უმრავლესობა მერიასთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო.
"ჩვენ მივყვებით იმ საარჩევნო პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელსაც თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, რომელთა შორის მმართველობითი ინსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზანი ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მერიის სამსახურების ეფექტიანობის გაზრდაა", - თქვა ბექა დავითულიანმა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება, უბრალოდ, ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოდის. ყოველთვიური ანაზღაურების სახით ზუსტად იმდენივეს მიიღებენ, რამდენსაც ამ ცვლილებებამდე იღებდნენ", - ამბობს დავითულიანი.
დღეს საკრებულოში ამ საკითხის განხილვაა დაგეგმილი და უმრავლესობა მის მხარდაჭერას აპირებს.
თბილისის საკრებულოს უმცირესობას მერიის სტრუქტურულ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს. თბილისი მერიაში სტრუქტურული ცვლილებები 15 იანვარს მერმა კახა კალაძემ წარადგინა და დასძინა, რომ მერიაში რეორგანიზაცია თებერვალში დასრულდება.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment