დასაქმებული ადამიანების უმეტესობა უკვე ფიქრობს, სად გაატაროს კუთვნილი შვებულება. თუ გაქვთ საოფისე სამსახური, ან მუშაობთ ფიზიკურად, ალბათ, დაგაინტერესებთ, საქართველოს რომელ კურორტზე სჯობს დასვენება, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ambebi.ge-ზე მიმდინარე ინტერნეტკონფერენციის დროს დასმულ კითხვებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმი-თერაპევტი მანანა ტაბიძე პასუხობს.
გამოგზავნილი კითხვები:
მკითხველი:
როდის ჯობია ბავშვების წაყვანა მთაში და რომელია საუკეთესო კურორტი?
- შვებულების გატერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს არის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი პერიოდი, როდესაც უნდა მოხდეს ფიზიკური ემოციური და ინტელექტუალური ენერგიის აღდგენა, რომელიც ჩვენ დავხარჯეთ გასული წლის მანძილზე. უნდა გვქონდეს ენერგიის ისეთი მარაგი, რომელიც გაგვაძლებინებს სამუშაო პერიოდს. ამიტომ, დასვენების ადგილის არჩევა არის ძალიან სერიოზული საქმე, რომელსაც სჭირდება სწორი მიდგომა. სამკურნალო კურორტის არჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ არ მდგომარეობაშია ორგანიზმი. სჭირდება თუ არა ორგანიზმს სამკურნალო ფაქტორები. სამკურნალო ფაქტორები კი არის მინერალები, კლიმატი, წყალსაცავები და ტალახი.
იმისთვის, რომ ბავშვები მთელი წლის მანძილზე ჯანმრთელები იყვნენ და ჰქონდეთ ბრძოლის უნარი სხვადასხვა დაავადების მიმართ, საჭიროა მათი ორგანიზმის გაკაჟება და უკეთესია, თუ ეს მოხდება მთის კურორტების პირობებში. მთის კურორტები ფიზიოლოგიური მოქმედების არიან და მათი კლიმატი აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის.
კარგია ბავშვების წაყვანა ბორჯომში, კიკეთში, კოჯორში, მანგლისში, წყნეთში, საგურამოში, იმის მიხედვით, რა ასაკის არის ბავშვი.თუ ბავშვი ძალიან მცირე ასაკის არის, უმჯობესია ქალაქთან ახლოს მდებარე კურორტები, რადგანაც უფრო ხელმისაწვდომია ძირითად საცხოვრებელ ადგილთან და სხვადასხვა პირობების გათვალისწინებაც შეიძლება.
რომელი კურორტია სასურველი?
- ალერგიული ბავშვებისთვის როგორც ასეთი, განსაზღვრული კურორტები არ არსებობს. ალერგია ინდივიდუალურია. შეიძლება ზოგიერთისთვის რომელიღაც უმნიშვნელო ალერგენი იყოს წამყვანი ამა თუ იმ კურორტზე. ადრე სურამი იყო საუკეთესო საშუალება ალერგიული ბავშვებისთვის, ასევე ვურჩევდი ბაკურიანს, შოვს, ბახმაროს და ბორჯომის საკურორტო ზონას. ან რომელიმე კარგი სოფელი, სადაც ბავშვი კარგად იგრძნობს თავს.
მკითხველი:
მათთვის, ვისაც აწუხებს ვენები, რომელი კურორტია სასარგებლო?
- ასეთმა პიროვნებებმა უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური ღონისძიებები. ასეთი დაავადებისთვის ცურვა და აქტიური მოძრაობები არის ერთ-ერთი პირველი წამალი. ამავე დროს, უნდა ჩაიტაროს კურორტული მოძრაობა მინერალური წყლის აბაზანებით და ფიზიოთერაპიით. ამის საშუალება არის თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, სადაც ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ყველა ის მკურნალობა, რასაც სპეციალისტი დაუნიშნავს. თუ მას ქალაქიდან გასვლა უნდა, მაშინ მისთვის კარგია წყალტუბოს აბაზანები, ბორჯომის ნახშირორჟანგიანი აბაზანები, ყველა მინერალური წყალი, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ადგილზე და რომელიც გამოიყენება აბაზანების სახით ვენების სამკურნალოდ. სპეციფიური წყალი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ არ არსებობს, უბრალოდ ყველანაირი წყლის პროცედურები ძალიან კარგია.რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ოფისში მუშაობენ და მთელი წლის განმავლობაში მჯდომარე სამუშაო აქვთ?
- აუცილებელია შვებულება აქტიურად გაატაროს. რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს სუფთა ჰაერზე, იმოძრაოს, იაროს, იცურაოს, თუ ახალგაზრდაა, წავიდეს ტურისტულ ლაშქრობებში და სხვა. უნდა ეცადოს, რომ ყველა კუნთი და სახსარი აამოძრაოს და დასვენება აქტიურად გამოიყენოს; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პასიურად, წამოწოლილ მდგომარეობაში იყოს. მთავარია კანის გაკაჟება. დახურულ შენობაში მომუშავე ადამიანებს კანი დასუსტებული აქვთ, ამიტომ აუცილებელია გარეთ, ჩრდილში ყოფნა, რომ კანი გაკაჟდეს და მიიღოს ჰაერის აბაზანა.რომელი კურორტია კარგი ასთმიანი ადამიანებისთვის?
- ბრონქული ასთმისა და ალერგიის მკურნალობის დროს კარგია: ბაკურიანი, სურამი, შოვი, ბახმარო და საშუალო მთის ყველა კურორტი. ყველანაირად უნდა მოერიდონ შავი ზღვის სანაპირო ზოლს, რადგან იქაური ნოტიო სუპტროპიკული კლიმატი ასთმიანებისთვის მძიმე გადასატანია და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ითვლება, რომ რაც უფრო მაღლა ვართ, წნევა იცვლება. ჟანგბადის წნევა უფრო დაბალია და ამავე დროს უფრო გრილი ჰაერია. მაღალი კლიმატი იწვევს შეცვლილი რეაქტიულობის მოწესრიგებას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის გაძლიერებას. იმუნური სისტემის გაძლიერებას და ფერმენტული რეაქციების გაძლიერებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვღებულობთ გაკაჟებულ და გაჟანსაღებულ ორგანიზმს.
მკითხველი:
სხვადასხვა კურორტზე რამდენ კვირიანი ინტერვალით უნდა წავიყვანოთ ბავშვი?
- ერთკვირიანი ინტერვალით ბავშვის დასვენება თითქმის არ ითვლება დასვენებად. როდესაც ბავშვი გაგყავთ ახალ ადგილზე, მას სჭირდება ადაპტაციის ანუ მიჩვევის პერიოდი, ისევე როგორც ყველას დიდსაც და პატარასაც. ამას რამდენიმე დღე ჭირდება. ამიტომ, წარმოიდგინეთ ერთი კვირა ბავშვი არის ერთ გარემოში, მიეჩვია ამ გარემოს და ამ დროს ჩვენ ვწყვეტთ მას და გადაგვყავს მეორე გარემოში, სხვა კლიმატურ ზონაში; ეს მისთვის დამტვირთველია და ვერ ჩავთვლით, რომ მან მკურნალობა ჩაიტარა. ერთი თვე მაინც, ბავშვი უნდა იყოს ერთნაირ გარემო პირობებში. რადგანაც ჩვენს პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ძალიან რთულია დიდი ხნით დასასვენებლად წასვლა, ის ორი კვირაც, თუ ერთ კურორტზე წახვალთ, რა თქმა უნდა, რაღაც პატარა შედეგს მოიტანს. თუმცა უკეთესია, თუ ბავშვი ცოტა ხანგრძლივი პერიოდით გავა ქალაქიდან.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment