Wednesday, July 18, 2018

საქნახშირის დირექტორმა შახტში არსებული ხარვეზები აღიარა

საქნახშირი ჯი აი ჯის“ გენერალური დირექტორი შემთხვევის ადგილზე ხარვეზების არსებობას ადასტურებს. ჯამბულ ჯაყელის თქმით, ცვლის უფროსებმა არ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება აფეთქების ზონიდან თანამშრომლების გაყვანის თაობაზე. იმიტომ რომ თვითონ ადამიანები აფეთქების შემდგომ იმყოფებოდნენ არასწორ ზონაში. 
,,ერთი უსაფრთხოების ინჟინერი იყო, ერთი იყო უბნის ცვლის უფროსი და ერთი ოსტატ-ამფეთქებელი. სულ ექვსი მუშა ჰყავდათ, ასევე შახტის მთავარი ცვლის უფროსი, რომელიც მთლიან შახტს ღამის პერიოდებში განაგებს. უნდა მომხდარიყო ხალხის გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე, შემდგომ - აფეთქება. ფაქტობრივად, არსებული სურათის მიხედვით ჩანს, რომ არასწორად არის გაყვანილი ხალხი", - განაცხადა ჯაყელმა.
მანამდე, მინდელის შახტში დარღვევები შრომის ინსპექტორებმა აღმოაჩინეს.
ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.
მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და ის ადამიანები, ვინც ტყიბულის შახტში იყვნენ დასაქმებული, ჩვეულებრივ მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას.
მინდელის შახტში არსებული მდგომარეობის დასათვალიერებლად შრომის ინსპექტორების ჯგუფი ჩავიდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment