Tuesday, July 17, 2018

რუსეთში ერთმანეთს ეთნიკურად აფხაზი და ქართველი მოკრივეები დაუპირისპირდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის და საქართველოს მოკრივეები ერთმანეთს რუსეთში, ეკატერინებურგში მაინც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეჯიბრში აფხაზმა მოკრივემ იგორ ადლეიბამ გაიმარჯვა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
იგორ ადლეიბამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მიხეილ ავაკიანი დაამარცხა. იგორ ადლეიბას მერაბ თურქაძე უნდა შეხვედროდა, თუმცა დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე მან თქვა, რომ ვიზების დამზადება დროში ვერ ესწრებოდა, ამიტომაც ეკატერინბურგში ორმაგი მოქალაქეობის მქონე სპორტსმენს გააგზავნიდნენ. ასეთი კი მოკრივე, 27 წლის მიხეილ ავაკიანი აღმოჩნდა, რომელიც თურქაძის მსგავსად საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის წევრია.
"მე ვცხოვრობ საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს სახელით გამოვდიოდი. თურქაძის ვიზა არ ესწრებოდა და მე ჩამსვეს ძალით, შენ წადიო. მითხრეს ისიც, რომ წონაში უნდა დამეკლო. დავიკელი. სხვა რა გზა მქონდა. ფიზიკური დატვირთვა მქონდა დიდი, სირბილი. ცოტა შარდმდენი წამლებიც დავლიე“, - თქვა მიხეილ ავაკიანმა და დასძინა, რომ ერთ დღეში ექვსი კილოს დაკლება შეძლო.
მისი თქმით, სპორტი პოლიტიკისგან შორს არის. მოკრივის თქმით, მისთვის, როგორც საქართველოში დაბადებულისთვის, საკუთარი ქვეყნის სახელით გამოსვლა საამაყოა.
იგორ ადლეიბას გამარჯვების შესახებ აფხაზებმა სოციალურ ქსელში საზეიმოდ დაწერეს. 
რაც შეეხება შეჯიბრის ამ სახეობას, ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კერძო ინიციატივას წარმოადგენს და პროფესიული კრივის (სამოყვარულო კრივი) მიმართულებაა, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე არც კრივის საერთაშორისო ფედერაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. 
თამაში 16 ივლისს გაიმართა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment