Wednesday, September 26, 2018

საჯარო სამსახურის ბიურო: „ღია საზოგადოების ფონდის“ კვლევის მონაცემებს არ ეთანხმება

საჯარო სამსახურის ბიურო 25 სექტემბერს „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მონაცემებს არ ეთანხმება და განცხადებას ავრცელებს.
ბიუროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მოიცავს 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდს, ამ პერიოდის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები არ შეფასებულა.
„საჯარო სამსახურის ბიურო ვერ გაიზიარებს „ღია საზოგადოების ფონდის“ კვლევაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ მონაცემებს, რადგან გამოქვეყნებულ დოკუმენტი, ეყრდნობა 2012 წელს განხორციელებულ კვლევაზე დამყარებული მონაცემებს საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეთა დასაქმების თაობაზე, რომლებიც არ შეესაბამება დღევანდელ მდგომარეობას და შეიცავს უზუსტობას.
კერძოდ, კვლევაში ნათქვამია, რომ „2012 წლის შემდგომ პერიოდში თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის შემდეგ, 6500 ახლად დანიშნული საჯარო მოსამსახურიდან მხოლოდ 4% შეირჩა კონკურსის წესით“ (ამონარიდი 2012 წელს ჩატარებული კვლევიდან). საჯარო სამსახურში საჯარო მოხელეთა მიღებაზე საუბრისას დაუზუსტებელი სტატისტიკური მონაცემების 2012 წლიდან დღემდე პერიოდის ერთიანად განზოგადება მეთოდური და პრაქტიკული თვალსაზრისით გაუმართლებელია, იმ მარტივი და ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, რომ 2014 წლიდან ახლებურად დარეგულირდა, ხოლო 2016 წლიდან კონცეპტუალურად შეიცვალა მიდგომა საჯარო სამსახურში მოხელეთა შერჩევის საკითხებთან დაკავშირებით.
კერძოდ, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმა და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 2014 წლის ნოემბერში მიიღეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია, 2015 წლის ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 12 კანონქვემდებარე აქტი საჯარო სამსახურში თანამედროვე, პროფესიული, ეთიკური, დამსახურებაზე დაფუძნებული და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შექმნის მიზნით. 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ამასთანავე, 2012 წლიდან დღემდე, საჯარო დაწესებულებებში გამოცხადდა 40000-ზე მეტი საჯარო კონკურსი და დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიების მიერ შეირჩა პროფესიული საჯარო მოხელეები. მხოლოდ 2016-2017 წლების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, რომელსაც საჯარო სამსახურის ბიურო რეგულარულად აგროვებს, საჯარო დაწესებულებებში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გამოცხადებული და დანიშნული თანამშრომლების რაოდენობა წარმოადგენს 7177, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გამოქვეყნებულ დოკუმენტში განზოგადებული მონაცემების არასანდოობას.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიაჩნია, რომ გადაუმოწმებელი და მოძველებული მონაცემების გამოქვეყნება კვლევაში არასწორად და არასრულად ასახავს საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხებს და იწვევს როგორც მთლიანად რეფორმის, ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების დისკრედიტაციას, რომელთა შერჩევა მოხელის პოზიციებზე განხორციელდა გამჭვირვალე საკონკურსო პროცედურების შესაბამისად და დამსახურებაზე დაფუძნებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
2018 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ განხორციელებული კვლევა „საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმა: ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზაზე მიღწეული პროგრესი“.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment