გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია სასამართლოს პროტესტს უცხადებს. რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო. პროტესტის ნიშნად სხდომაზე ბრალდებული გიორგი ჭანტურია არ გამოცხადდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ჭანტურიას ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამის გამო გამოუცხადეს პროსტესტი. "ეს არ ეხება პროცესის გაჭიანურებას", - დასძინა ადვოკატმა.
ბრალდების მხარის თქმით კი, დაცვის მხარე პროცესს აჭიანურებს. პროკურორ ლევან ჯალაღანიას თქმით, სასამართლომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს არაერთხელ მისცა შესაძლებლობა, ჩამოყალიბდნენ განხილვის როგორ წესს ირჩევენ – მოსამართლეს თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
სხდომა 23 ოქტომბრისთვის გადაიდო.
გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად 9 აგვისტოს წაუყენეს, თუმცა ის დანაშაულს არ აღიარებს. გამოძიების ფარგლებში ადრე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს ხელმეორედ დააკავეს. ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, სარდაფში მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია მანამდე 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment