Thursday, October 18, 2018

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2018 წლის 28 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 42 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა.
მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებს, წინასაარჩევნო აგიტაციასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 24 საათის განმავლობაში  აკვირდებოდა. 
პირველი თემა, რომელიც საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა საარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარებაა. ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ და მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. გადაუმოწმებელი კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება პოლიტიკური სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის რისკები. 
მეორე საკითხი, რომელიც საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა მაუწყებლის მიერ ეთერში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებას ეხება, რომლის მიმართაც მაუწყებლებსა და პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. 
საანგარიშო პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2018 წლის 15 და 16 აგვისტოს ეთერში სწორედ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დარღვევით განთავსების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ჯარიმა დააკისრა. 
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია - საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა, ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში მიტანილი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არ ემსახურებოდა მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. გარდა ამისა, რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს ანთავსებდნენ. კომისიამ ასეთი ფაქტები საფრთხისშემცველად შეაფასა. 
საანგარიშო პერიოდში კომისიის ყურადღება მიიქცია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დროის ლიმიტის გაზრდამ - ყოველ სამ საათში 7,5 წუთს შეადგენდა, 14 წუთამდე გაზარდა.
წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახსენებს მაუწყებლებს, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.
საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების, პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში მოექცა მაუწყებლების მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილები. კერძოდ, კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“  წერილობით მიმართეს, სადაც კომპანიები კომისიისგან საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებში წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ განმარტებას,  იყო თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კომისიის მიერ მაუწყებლებში გაგზავნილი პასუხი კრიტიკის საგანი გახდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მხრიდან, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც გამოხატვის თავისუფლების საფრთხე, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია საანგარიშო პერიოდში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე, მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ იხელმძღვანელონ  „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის ქოდექსით“
imedinews.ge

No comments:

Post a Comment