ადამიანები ხშირად ვარდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც მიმდინარე მოვლენა ან გარემო ძალიან ეცნობათ და ჰგონიათ, რომ ესა თუ ის ამბავი წარსულში უკვე მოხდა. საუბარია დეჟავუზე, რომელზეც BBC-მ სტატია მოამზადა. რა ახდენს დეჟავუს პროვოცირებას და რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს?
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს დეჟავუს შესახებ.
1. მოგზაურობა დეჟავუს პროვოცირებას ახდენს - ყველაზე ხშირად დეჟავუ კონკრეტულ ადგილებთან არის დაკავშირებული, რომლებიც თითქოს ჩვენ გვეცნობა, იმის მიუხედავად, რომ იქ შეიძლება მანამდე არასდროს ვყოფილიყავით. ეს იმიტომ ხდება, რომ "ახალი ადგილი" ჩვენს ტვინში განცდასა და ცოდნას შორის მნიშვნელოვან "კონფლიქტს" იწვევს. კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტს მოგზაურობს ადამიანი, მით უფრო ხშირად აქვს დეჟავუ.
2. დეჟავუ ახალგაზდებს უფრო ხშირად ემართებათ - ეს შეგრძნება ყველაზე ხშირად ახალგაზრდობისას ჩნდება, თუმცა როგორც წესი, არა უმეტეს თვეში ერთხელ. 40-50 წლის ასაკისთვის დეჟავუს სიხშირე საგრძნობლად მცირდება. 60 წლიდან კი ადამიანებს ეს შეგრძნება წელიწადში მხოლოდ ერთხელ თუ გაუჩნდებათ.
3. დეჟავუ, რომელიც მთელი დღე გრძელდება - იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება, რომ დეჟავუს შეგრძნება ადამიანს მთელი დღის განმავლობაში აქვს. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ერთ-ერთი ადამიანის მაგალითზე, გაირკვა, რომ ხანგრძლივი დეჟავუ ეპილეფსიის ერთ-ერთ სახეობასთან იყო დაკავშირებული.
4. დეჟავუ მეხსიერების მუშაობის პროცესში მომხდარ ხარვეზსაც უკავშირდება - სპეციალისტების ვარაუდით, როდესაც მეხსიერების შემნახველი სისტემების მუშაობა შეფერხებულია, ეს ტვინს აბნევს და ვეღარ არჩევს მიმდინარე ამბავს და წარსულ მოგონებას.
5. დეჟავუსგან თავის დახსნაში ჩვენივე ტვინი გვეხმარება, რომელიც უმალ იწყებს ფაქტების გადამოწმებას.
6. დეჟავუს გამო ადამიანებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მათ მომავლის განჭვრეტა შეუძლიათ.
7. დეჟავუს ანტონიმი ჟამევუა და ის სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს - ამ დროს ადამიანს ნაცნობ გარემოსა თუ ადამიანის შესახებ უჩნდება განცდა, რომ მას საერთოდ არ იცნობს.
8. ტერმინ "დეჟავუს" ავტორი ფსიქოლოგი ემილ ბუარაკია, რომელმაც ეს ფენომენი პირველად 1876 წელს ფრანგულ სამეცნიერო ჟურნალ Revue Philosophique-ში გამოქვეყნებულ წერილში აღწერა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment