თუ გამართლდება ვარაუდი, რომ საუდის არაბეთის დაკვეთით ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის მიმომხილველი ჯამალ ჰაშაღი მოკლეს, სამეფოს ეს ძვირად დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა. ინფორმაციას Dailysabah-ი წერს.
გრემი ამბობს, რომ ერ-რიადმა არსებულ კითხვებს „გულწრფელი პასუხები“ უნდა გასცეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მის პოზიციას სხვა რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორებიც იზიარებენ.
„ვთანხმდებით, რომ თუ დადასტურდება საუდის არაბეთის მთავრობის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრალდებები, ეს დამანგრეველი იქნება საუდის არაბეთისა და აშშ-ის ურთიერთობისთვის. სამეფოს ეს ძვირად დაუჯდება, - როგორც ეკონომიკური, ისე სხვა თვალსაზრისითაც“ - თქვა სენატორმა.
2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.
ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მოქალაქეა.
6 ოქტომბერს საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბენ სალმან ალ საუდმა თქვა, რომ საუდის არაბეთი მზადაა, თურქეთს მისცეს ნებართვა, გაჩხრიკონ გენერალური საკონსულო. შესაბამისი თხოვნით ანკარამ ერ-რიადს უკვე მიმართა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment