Thursday, March 14, 2019

ქობულიამ Toshiba-ს პროდუქციის საქართველოში წარმოება შესთავაზა

იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია Toshiba-ს უფროს მმართველ დირექტორს სატოჩი ცუნაკავას შეხვდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის უფროს მმართველ დირექტორს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აღინიშნა ის უპირატესობები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე ბიზნეს-მეგობრული კანონმდებლობის სახით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
ქართულმა მხარემ Toshiba-ს პროდუქციის საქართველოში წარმოება, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის გახსნა და რეგიონული სათაო ოფისის ამოქმედება შესთავაზა. იაპონური კორპორაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მოკვლევას განახორციელებს.
საქართველოდან, ღვინის გარდა, ხილის წვენების, თაფლისა და თევზის ექსპორტიც შესაძლებელია, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ტოკიოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს დიდი გეგმა, როგორ გავაფართოვოთ თევზის წარმოება საქართველოში, რადგან ჩვენ გვაქვს წყლის ძალიან დიდი ბუნებრივი რესურსი და ეს ხელს უწყობს უნიკალური პირობების შექმნას თევზის წარმოებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული ფერმები, მაგრამ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პერსპექტივას, რომ ექსპორტზეც გავიდეს პროდუქცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ქობულიამ.
ხვალ ტოკიოში ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტ იასუშუ აკაჰოშისთან ერთად გახსნის. ღონისძიებას 40-ზე მეტი ქართული და 130-ზე მეტი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ასევე, ტოკიოში 7 მაისამდე ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment