Friday, July 14, 2017

რა ღირს და რა მონაცემები აქვთ საქართველოში პოპულარულ ელექტრომობილებს

2017 წლის 1 იანვრიდან 28 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებმა 176 ელექტრომობილი განაბაჟეს, როცა 2016 წელს, ქვეყანაში სულ 33 მათგანის შემოყვანა მოხდა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ელექტრომობილების მიმართ ინტერესი საკმაოდ გაზრდილია.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ყველაზე დიდ რაოდენობით, NISSAN-ის მარკის ელექტრომობილის შემოყვანა მოხდა. კერძოდ, 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებმა 164, ხოლო 2016 წელს, 24 NISSAN-ი განაბაჟეს. 

"საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის," შალვა ოგბაიძის თქმით, NISSAN-ის ლიდერობა მის ფასსა და ხარისხს შორის შესაბამისობამ განაპირობა.
"2010-2011 წლების NISSAN LEAF-ის შეძენა 5 000$-დან 8 000$-ის ფარგლებში შეგიძლიათ და ამ თანხით მართლაც კარგ, ეკოლგიურ ავტომობილს ვყიდულობთ.
საქართველო, ნელ-ნელა ელექტრომობილების მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყანა ხდება
რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. ამ ტენდენციას ხელი ახალმა რეგულაციებმაც შეუწყო. მაგალითად, აქციზისა და პარკირების გადასახადის გაუქმებამ, ქალაქში ელექტროდამტენების დამონტაჟებამ, რაც კიდევ გაგრძელდება," - განმარტავს შალვა ოგბაიძე.
ელექტრომობილების ფასებსა და მონაცემების შესახებ ჩვენ ავტოიმპორტიორებსაც დავუკავშირდით, რომლებმაც რეკომენდაციები მოგვცეს. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, მოქალაქეებს კონკრეტულად NISSAN LEAF-ი შემოყავთ, რომელთა წლოვანებაც 2011-2015 წლებს შორის მერყეობს. 

ავტომობილის ფასი, მის მონაცემებსა და გამოშვების წელზეა დამოკიდებული, თუმცა NISSAN LEAF-ს საშუალოდ 8 000$-ად შეიძენთ. რაც შეეხება მონაცემებს, ერთი დამუხტვით ავტომობილი საშუალოდ, 100-140 კილომეტრს გადის, რისთვისაც მას 2-2,50 ლარის ელექტროენერგია ესაჭიროება. 

კომპანიებში განმარტავენ, რომ ამ ავტომობილის გამოყენებისას ელექტროენერგიის დაზოგვაც შეგიძლიათ. მაგალითად, დამუხრუჭებისას ავტომობილი ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯს მკვეთრად ამცირებს, კონდიცირებისა და ფარების გამოყენებისას კი ზრდის, რაც გადაადგილების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

2017 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოში 4 FIAT 500-ი განაბაჟეს. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი, 2015 წელს გამოშვებული FIAT-ის ფასი დაახლოებით 7 000$-ია. ერთი დამუხტვისთვის ავტომობილი NISSAN-ის მსგავსად, დაახლოებით 2-დან 2,50 ლარამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც 100-120 კილომეტრის გასავლელად იყენებს.

RENAULT-ი ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა 2017 წელს ამ მარკის 3 ავტომობილის იმპორტირება მოხდა. 2014-2016 წლებში გამოშვებული RENAULT-ის ფასი დაახლოებით 15 000$-მდეა. ავტომობილი ერთი დამუხტვისთვის დაახლოებით, 2 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს და საშუალოდ, 120 კილომეტრს გადის.
2017 წელს საქართველოში თითო-თითო ელექტრო DOJO, TAZZARI, TESLA, THINK-ი და TOYOTA შემოიყვანეს. 

DOJO ჩინური წარმოების ავტომობილია, THINK-ი ნორვეგიული, ხოლო TAZZARI იტალიური. მათი დატენვისთვის დაახლოებით, 2 ლარის ღირებულების ელექტროენერგია დაგჭირდებათ და დაახლოებით, 100-150 კილომეტრამდე გაივლით.
რაც შეეხება TOYOTA IQ-EV-ს, ის მცირე ზომის ელექტრომობილია. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, სულ ახალი, მოდელის შეძენა დაახლოებით 25 000$ დაგიჯდებათ. შესაძლებელია, ამ ავტომობილმა შეიძლება NISSAN LEAF-ზე მეტი მანძილიც გაიაროს და საშუალოდ, 1,50 ლარის ღირებულების ელექტროენერგია, 150 კმ-ის დასაფარად გამოიყენოს. 

გარდა ამისა, 2016 წელს ჩვენი თანამოქალაქეები MITSUBISHI-საც ყიდულობენ. რამდენიმე წლის წინ, ჩამოყვანილი ერთ-ერთი მათგანით "საავტომობლო ფერედერაციის პრეზიდენტი," შალვა ოგბაიძეც გადაადგილდება. მისი თქმით, ამ ავტმობილის დამუხტვას დაახლოებით 1,50 ლარის ელექტროენერგია ესაჭიროება, რითიც ის 100 კილომეტრს გადის.
ყველას ვურჩევ, რომ ქალაქში გადაადგილებისთვის ელექტრომობილი შეიძინოს
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების დამუხტვა საქართველოში მიმდინარე წელს უფასოა. ელექტროდამტენების დამონტაჟებაზე პასუხისმგებელი კომპანია მათი რაოდენობის 100-მდე გაზრდას 2017 წლის ბოლომდე გეგმავს, ხოლო 2018 წლიდან დამტენების გამოყენება შესაძლოა, ფასიანი გახდეს.


მარიამ მენაბდიშვილი
allnews.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


 


No comments:

Post a Comment