👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას მასპინძლობს სახელწოდებით „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ შერმანმა კონფერენციის მნიშვნელობის მიზეზებზე ილაპარაკა.
„დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს ასოცირების შეთანხმება. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. მეორე მხრივ, უკვე არსებული და განმტკიცებული ურთიერთობის პირობებში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ განვითარდება და გაღრმავდება ეს ურთიერთობა მომავალში. ჩვენ ვეძებთ ამ ურთიერთობის გაღრმავების დინამიკურ და მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის. ამ ჭრილში მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციების ჩატარება საქართველოში. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, რომ მას ესწრება მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენ დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალს, მომავალი ორი დღის მანძილზე ამ კონფერენციის შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა იანოშ შერმანმა.
ევროკავშირთან ინტეგრაცია და ევროინტეგრაციით განპირობებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების განხილვა-ეს არის ის ორი ძირითადი საკითხი, რომლებზეც საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები თბილისში ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.
კონფერენციაში 17 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროპარლამენტის წარმომადგენლები.
საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ტარდება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment