Wednesday, December 20, 2017

იტალიელ მსაჯს სოციალური ქსელის მოხმარების გამო დასჯიან


ცნობილი მსაჯი პიერი ჯაკომელი შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უმკაცრესად დასაჯოს. ეს არბიტრი რამდენიმე კვირის წინ "ლაციო" - "ტორინოს" თამაშს ემსახურებოდა და ჯერ მასპინძელთა კარში არარსებული პენალტი დანიშნა, შემდეგ კი "ლაციოს" საუკეთესო ბომბარდირი ჩირო იმობილე სრულიად უსამართლოდ გააძევა.
თუმცა, რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, შესაძლო დასჯის მიზეზი სულ სხვა რამეს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, ნებისმიერ მსაჯს სოციალური ქსელით სარგებლობა და ნებისმიერი შინაარსის პოსტის გამოქვეყნება კატეგორიულად ეკრძალება. ჯაკომელი კი როგორც ჩანს, წესებს არ დაემორჩილა, "ფეისბუქზე" ჯეკ ომელის ფსევდონიმით დარეგისტრირდა და ფოტოც დადო, სადაც ასახულია თუ როგორ ურტყამს ფრანჩესკო ტოტი თერთმეტმეტრიანს. ერთი შეხედვით, პოსტი უწყინარია, მაგრამ ლეგა კალჩოს ხელმძღვანელები ჯაკომელის მიმართ მაინც აპირებენ მკაცრი სასჯელის გამოტანას და საბოლოო ვერდიქტი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment