Friday, April 13, 2018

"დედაენის დღე" - რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს

4 აპრილს საქართველოშ "დედაენის დღე" აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
როგორ იხსენებს 1978 წლის მოველენებსს ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე, რომელიც მაშინდელი მოველნების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო:
,,გაზეთ "კომუნისტში" ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა. 78-ე მუხლში შედიოდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოკავშირე რესპუბლიკების ენებს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდათ. მუხლი, რომლითაც საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული იყო, კონსტიტუციიდან გააქრეს. ამან არა მხოლოდ ეროვნულ, დისიდენტურ მოძრაობაში ჩართული ადამიანების, არამედ სტუდენტების, ინტელიგენციის პროტესტი და შეშფოთება გამოიწვია. ასე დაიწყო ყველაფერი.
ჩემს ბინაში ხშირად ვიკრიბებოდით ადამიანები, რომლებსაც დისიდენტებს გვიწოდებდნენ, ჩემი თანაკურსელები: გელა ნიკოლაიშვილი, გია ჩხიკვიშვილი, ბადრი ბანძელაძე. პირველივე დღეს, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, ავთანდილ იმნაძემ, რომელიც ჩვენზე უფროსი იყო, გვითხრა, ამას აუცილებლად მოჰყვება დიდი დემონსტრაციაო.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოქვეყნების შემდეგ, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში იმართებოდა შეკრებები და კონსტიტუციის პროექტს განიხილავდნენ. ამ საკითხზე ადამიანები არ მოერიდნენ უარყოფითი დამოკიდებულების, საკუთარი თვალსაზრისის თამამად გამოხატვას, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მივმართეთ პეტიციით, რომელშიც კატეგორიულად ვითხოვდით, ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შენარჩუნებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურად მუშაობდა უშიშროების სამსახური, გვიბარებდნენ იმ სტუდენტებს, ვინც პეტიციაზე ხელმოწერებს ვაგროვებდით, 11 აპრილს ჩემს ბინაში ჩხრეკაც კი ჩატარდა... თბილისში ყველამ იცოდა, რომ ეს საკითხი 14 აპრილს, დილიდან უნდა განეხილა საქართველოს უზენაეს საბჭოს და რაკი დრო და ადგილი ცნობილი იყო, ხელისუფლებას ხალხის შეკრებისა შეეშინდა, თუმცა, აქტიურობით უკურეაქცია მიიღო: ყველა დაწესებულების, განსაკუთრებით სკოლის დირექტორებს აფრთხილებდნენ, - ამ დროს ქუჩაში არავინ ვნახოთო, მაგრამ ახალგაზრდობა ხომ აკრძალული ხილისკენ მეტად ისწრაფვის და გარეთ ისინიც კი გამოვიდნენ, ვისაც დემონსტრაციაზე წასვლა არც კი უფიქრია.
14 აპრილს, დილის 10 საათზე, სტუდენტები უნივერსიტეტთან შევიკრიბეთ, შემდეგ რუსთაველისკენ დაიძრა მსვლელობა, გზადაგზა სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები გვიერთდებოდნენ.
რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი, რაც იმ დროისთვის უნიკალური მოვლენა იყო, დღემდე მომიტინგეთა სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ: ზოგი - 50 ათასს, ზოგი - 70 ათასს. შეკრებილი ხალხი გამოირჩეოდა წესრიგით, აგრესიას არ ამჟღავნებდა, ამასთანავე, ყველას გადაწყვეტილი გვქონდა, სასურველი შედეგის მიღებამდე რუსთაველის პროსპექტი არ დაგვეტოვებინა. ლიდერებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს იმითაც, როცა თქვეს: გვაქვს
სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნები, თუნდაც პოლიტპატიმრების საკითხი (იმხანად მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაპატიმრებულები იყვნენ - ნ.კ.), მაგრამ ამჯერად ერთადერთი მოთხოვნა გაქვს: ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის აღდგენაო. და ამ გათვლამ გაამართლა. იმ დღეს ქართველმა საზოგადოებამ დიდი გონიერება გამოიჩინა, თუმცა, ცხადია, ვიცოდით, რომ შეიძლება ესროლათ კიდეც - უფროს თაობას კარგად ახსოვდა 1956 წლის 9 მარტი.

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

უმაღლესი საბჭოს სესიის მიმდინარეობისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომიტინგეების წინაშე ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა და 78-ე მუხლის შუალედური ვარიანტი შემოგვთავაზა, რაც იქ მდგომი ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ნათელი იყო, რომ ხალხი კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. როგორც ჩანს, ამან მოსკოვი დააფიქრა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს. ყველამ იცის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საბოლოო ვერდიქტს თბილისში ვერც შევარდნაძე გამოიტანდა და ვერც სხვა. მოსკოვმა დაინახა, რომ შეკრებილი ხალხი დაშლას არ აპირებდა, სისხლისღვრა კი მის ინტერესში არ შედიოდა და წავიდა დათმობაზე. ამ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, 14 აპრილის აქციაში არ ერია არც ერთი წვეთი ძალაუფლებისთვის ბრძოლისა... ბევრმა არ იცის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებსა და სომხეთშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გასვლა მხოლოდ ქართველებმა გავბედეთ. ყველას კარგად გვქონდა გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში: "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"...
newposts.ge

No comments:

Post a Comment