Saturday, July 1, 2017

კახა კალაძე - თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ

ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო წარდგენილი თბილისის მერის პოსტზე. განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მთაწმინდის პარკში სიტყვით გამოსვლისას.
„ჩემს ცხოვრებაში ხშირად იყო საპასუხისმგებლო და ეტაპობრივად მნიშვნელოვანი მომენტები, რომელთა სიმძაფრე და განცდა დღემდე მომყვება და დრო ვერ აუფერულებს ამ ემოციას. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი გამარჯვება და მისკენ სავალი ძალიან რთული გზები, მაგრამ ყოველთვის მყავდა გვერდით გუნდი, ფეხბურთში, ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაშიც და ენერგეტიკაშიც.  ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს, ვინდაიდან ყოველთვის ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ  ყველა, ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება ვართ ერთად, ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს“,- აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, 2012 წელს, როცა რეჟიმმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მხოლოდ ძალადობა, უკანონობა სუფევდა ირგვლივ, ერთობამ და გუნდურობამ მოიტანა ის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება, 2015 წელს თბილისის დამანგრეველი სტიქია ჩვენმა ერთობამ გადაგვატანინა, ერთად მოვიშუშეთ ტრაგედიით მიყენებული ჭრილობები, და ახლაც, 2017 წელს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჩვენ ვიბძოლებთ  თბილისის გამარჯვებისთვის.
„ამ ქალაქში ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი. ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი - მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით, გამარჯვების სურვილით. ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომლებიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ორიენტირებული და მორგებული. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას  ვიმუშაოთ, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტულად ყველა  უბნისთვის და პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად. ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში და საქართველო ისტორიულად გამოირჩეოდა ამ უნიკალურობით“,- განაცხადა კალაძემ.
როგორც მერობის კანდიდადმა აღნიშნა, მისი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ააშენონ ისე, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები და სიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. 
„თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ.  მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა , პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია -ჩვენი გამარჯვება იქნება. ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია- კონსერვაცია, მშნებელობის ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა - ჩვენი გამარჯვება იქნება. თბილისს თავისი უნიკალური იერსახე, საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება აუცილებლად“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მან მოუწოდა თბილისის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაებან თბილისის დაგეგმარების პროცესში.
„მოგმარვათ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს, მოდით, ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს,  მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში განსაკუთრებით, მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვა და სხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. გთხოვთ, აქტიურად ჩაებათ ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა ძალიან საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა. დღემდე ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომელიც დღეს აქ იმყოფება. არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, მაგრამ საზოგადოება ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი გვინდა. ჩვენ გვაქვს კარგი ბაზისი, კარგი სასტარტო პირობა, რათა გარდამტეხი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ქალაქის სწორი და გააზრებული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში, ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და ამ საზოგადოების ნაწილი ვარ მეც, ჩემი ოჯახით. ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ ყველამ ერთად და შედეგიც გვექნება ერთობლივი. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით -თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება  თბილისის გამარჯვებაა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“. 
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment