სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებზე
(ე.წ უფასო ფაკულტეტებზე) ჩარიცხულთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება, თუმცა
სჭირდება თუ არა ქვეყანას ყოველ წელს 600-ზე მეტი ფილოლოგის, 300-მდე
ქიმიკოსის ან არქეოლოგის ახალი ნაკადი ჯერ კიდევ სადავოა.
ოფიციალური მონაცემებით, უფასო ფაკულტეტებზე 2013 წელს 2 450 სტუდენტი
ჩაირიცხა, 2014-ში – 4 400. 2015 წელს კი 4 800, 2016 წელს უფასო
ფაკულტეტზე 4900-მა ჩააბარა, 2017 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი 4051-ს
შეადგენს.
როგორც, ამ ფაკულტეტების კურსდამთავრებულების და მაღალკურსელების უმრავლესობა
EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, მათთვის პროფესიით სამსახურის პოვნა თითქმის შეუძლებელია.
დასაქმება განსაკუთრებით მაღალკურსელ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს უჭირთ.
მე-4 კურსელი ქიმიკოსის,
ნინი მამაცაშვილის თქმით, ამ
სფეროში სამსახურები ფაქტობრივად არაა, თუ არ ჩავთვლით დიდ კომპანიებს,
სადაც რამდენიმეწლიან გამოცდილებას ითხოვენ, თუმცა გამოცდილების მიღების
საშუალებას არ აძლევენ:
„მიუხედავად
იმისა, რომ ქიმია მომავლის პროფესიად ითვლება, ჯერჯერობით საქართველოში ეს
სფერო არც თუ ისე განვითარებულია და დასაქმებაც თითქმის შეუძლებელია,
განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. მე უკვე მე-4 კურსზე ვარ და ვცდილობ
სამსახური ჩემი პროფესიით ვიპოვო. არის კომპანიები, სადაც 3-4–წლიან
გამოცდილებას ითხოვენ და ეს საქმის სირთულიდან გამომდინარე, ლოგიკურიცაა,
თუმცა სამწუხაროა, რომ გამოცდილების დაგროვების საშუალებას არავინ
გვაძლევს. საქართველოში არაა ისეთი ლაბორატორიები, სადაც ახალ კადრებს
შეეძლებათ მუშაობა. წელს რომელიმე სახელმწიფო სამსახურში სტაჟირება უნდა
გავიარო, თუმცა როგორც მითხრეს, სტუდენტებს იქ მუშაობის უფლება არ გვაქვს
და მხოლოდ მინის გარედან ვაკვირდებით.
„ლაბორანტის ასისტენტის 1 ვაკანსია ვნახე. მერე გავიგე, რომ კომპანიის
ლაბორატორია მარტყოფში მდებარეობს და ყოველდღე სწავლის პარალელურად იქ
სიარულს ვერ შევძლებდი. ერთადერთი, რასაც ჯერჯერობით ვახერხებ
რეპეტიტორობაა“, – ამბობს ნინი მამაცაშვილი.
იგივე პრობლემის წინაშე დგას ფიზიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი
ქეთი დიდებაშვილი, რომელსაც უკვე ეჭვი ეპარება არჩეულ პროფესიაში და არ იცის რა სფეროში გააგრძელებს სწავლას.
„უნივერსიტეტს წელს ვამთავრებთ, თუმცა პროფესიით კურსზე არავინ
ვმუშაობთ. ვაკანსიებს ვერსად ვპოულობთ. მომავალში არ ვიცი ამ სფეროში
გავაგრძელებ თუ არა სწავლას ან მუშოაბას. თუ სხვა არაფერი, ჩემს ცოდნას
ბავშვებისთვის ასტროფიზიკის წიგნის დაწერაში მაინც გამოვიყენებ“, – ამბობს
ჩვენთან ქეთი დიდებაშვილი.
სამსახურს უშედეგოდ ეძებს დამწყები გეოგრაფი
თამუნა გელაშვილი, რომლის თქმითაც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით დასაქმება შეუძლებელია.
„სამსახურს
ახლაც ვეძებ, მაგრამ შესაბამისი განათლება არ მაქვს, უნივერსიტეტი ვერ
უზრუნველჰყოფს მომცეს პრაქტიკული ცოდნა. ერთი ვაკანსია ვნახე, სადაც ეწერა,
რომ აიყვანდნენ ბაკალავრს 3 წლიანი გამოცდილებით. ესეც მეორე პრობლემაა,
ამას გარდა, ჩემი საქმეც ძალიან საპასუხისმგებლო და გამოცდილების გარეშე
რთულია საქმეს თავი გაართვა“,- გვეუბნება თამუნა..
მიუხედავად იმისა, რომ ფილოლოგიის მიმართულებით
მაია კვირკველიამ
წარჩინებით დაამთავრა სწავლების ორივე საფეხური და განათლების მიღებას
ახლა დოქტორანტურაზე აგრძელებს, თავისი პროფილით დასაქმება მაინც უჭირს. ის
EDU.ARIS.GE-ს იმ პრობლებეზე ესაუბრა, რომელთაც სამსახურის ძებნის დროს აწყდება.
„თსუ–ში ჩემს მიმართულებაზე არაჩვეულებრივი აკადემიური სივრცეა და
ძალიან კარგ განათლებასაც გვაძლევენ, მაგრამ რეალურად, ჩვენს სფეროში
ბევრი ვაკანსია არაა. ის განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა საიტებზე
იდება, ხშირად არარეალურია და გამოცხადებული პოზიციებიც კი დაკავებულია.
ფილოლოგისთვის დასაქმების ძირითადი არეალი სკოლაა, თუმცა აქაც
ვაკანსიების სიმწირეა. ასე მანამ გაგრძელდება, სანამ სკოლას არ დატოვებენ
არაკვალიფიციური პედაგოგები, რომელთაც მასწავლებლის კომპეტენცია ვერ
დაადასტურეს და პოსტებს სხვადასხვა მიზეზით ინარჩუნებენ.
სკოლებშიც ორწლიან გამოცდილებას და მასწავლებლის სერტიფიკატს ითხოვენ.
ეს გამოცდა უმაღლესი ქულით ჩავაბარე, თუმცა გამოცდილება ვერ მექნება,
რადგან სამსახურში არავის ავყავარ. სახელმწიფო სტაჟირების ფარგლებში არის 6
თვიანი უფასო პროგრამა, თუმცა ამასაც არ აქვს უპირატესობა, რადგან სულ
ცოტა 1 წლიან გამოცდილებას გვთხოვენ.
მხოლოდ ერთ კერძო სკოლაში მიმიღეს, თუმცა ანაზღაურება დილიდან 6 საათამდე 150 ლარს შეადგენდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც ვაგრძელებ ჩემს აკადემიურ
საქმიანობას და ჩავაბარე დოქტორანტურაში. ვფიქრობ, მდგომარეობა ნელ-ნელა
უმჯობესდება, ვინც მოინდომებს და თავისი საქმის პროფესიონალი გახდება,
ყველაფერს შეძლებს“,- ამბობს ფილოლოგი მაია კვირკველია.
edu.aris.ge