Thursday, October 26, 2017

აფგან მუხტარლი ტალინში პაველ შერემეტის პრემიით დაჯილდოვდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხტარლის, გამბედაობისა და ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულებისთვის დაწესებული ჟურნალისტური პრემია მიანიჭეს, რომელიც უკრაინაში მოკლული ჟურნალისტის, პაველ შერემეტის სახელს ატარებს.
დაჯილდოების ცერემონია ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა და პრემია მის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას გადასცეს. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით, 1tv ავრცელებს. 
პაველ შერემეტის პრემია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის დაწესდა. პირველად პრემია შარშან გაიცა. ის უკრაინელ ჟურნალისტს, ნიკოლაი სემენას გადაეცა ოკუპირებული ყირიმიდან, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება. ჟურნალისტს ბრალად რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ მოწოდება ედება ბრალად.
პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ჟურნალისტის გაუჩინარებას უკავშირებენ  სასაზღვრო პოლიციის და სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსების მიერ თანამდებობების დატოვებას.
ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეს "აფგან მუხტარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღდმეგ" პრიორიტეტი მიანიჭა. საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, უმრავლესობა კი, გამოძიების შედეგებს ელოდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment