Saturday, October 28, 2017

რა ღირს გაყრა? კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის ეკონომიკური შედეგები

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც რეგიონმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა. პასუხად, ესპანეთის სენატმა კატალონიის ავტონომია გააუქმა და რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა კატალონიის მთავრობაც და პარლამენტიც დაითხოვა, ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა ადგილობრივი პოლიციის უფროსი. კატალონიის მადრიდთან ბოლოდროინდელ დაპირისპირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი საფუძველი - ეკონომიკურია.

წარმატებული რეგიონი წარმატებულ სახელმწიფოს არ ნიშნავს

ის რომ კატალონია წარმატებული რეგიონია, რეალური ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის ეს საკმარისი არ არის. ანალიტიკოსების შეფასებით, რეგიონი მარტო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნაზე დაკარგავს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის მეხუთედს. ესპანეთიდან გასვლის შემდეგ ის სავარაუდოდ, ევროზონაში ვეღარ დარჩება, რადგან მადრიდს, როგორც ევროკავშირის წევრს, ბლოკში ახალი სახელმწიფოს მიღების დაბლოკვა შეუძლია. ეს ნიშნავს საკუთარი ვალუტის შექმნას და ევროპის საბანკო ბაზარზე შეღავათების დაკარგვას.

ბიუჯეტი

კატალონია ეკონომიკურად ესპანეთის ყველაზე განვითარებული რეგიონია. სამეფოს მთლიან მშპ-ში მისი წილი თითქმის 20%-ია. კატალონიის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით 200 მილიარდი ევროა, რაც ჰონკონგის, ირლანდიის და პორტუგალიის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობაზე მეტია. რეგიონის ხელისუფლება და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების სახით იმაზე მეტს იხდის, ვიდრე ცენტრისგან სუბსიდიების სახით იღებს. ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ “საბიუჯეტო დისკრიმინაციის” მოცულობა მილიარდობით ევროა. 
ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, 2011 წელს, კატალონიამ სახელმწიფო ბიუჯეტში იმაზე 8,5 მილიარდი ევროთი მეტი გადაიხადა, ვიდრე მიიღო. კატალონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სხვაობა 11,1 მილიარდი ევრო იყო. 
ბოლო წლებში კატალონიის ბიუჯეტში სახელმწიფოს ინვესტიციებიც მცირდება. მაგალითად, 2003 წელს რეგიონში საბიუჯეტო სახსრების 16% წარიმართა, 2015 წელს - 9,5%. მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი სიტუაცია ქვეყნისთვის, რომელსაც რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი აქვს, ნორმალურია. მით უფრო რომ ამ “დისკრიმინაციის” ფონზეც კატალონიაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 6 ათასი ევროთი მეტია ვიდრე საშუალოდ ესპანეთში.

მანქანათმშენებლობა, მეღვინეობა, ტურიზმი

კატალონია ინდუსტრიული პროვინციაა განვითარებული მანქანათმშენებლობით, ქიმიური, საფეიქრო და სურსათის მრეწველობით. სოფლის მეურნეობის დარგში გამოირჩევა მეღვინეობა. რეგიონის მშპ-ში მომსახურების სფეროს წილი ყველაზე დიდია. კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა, ასევე კოსტა-ბრავას და კოსტა-დორადას სანაპირო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კურორტებია. ყოველწლიურად რეგიონს მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს.

ოპტიმისტების აზრით, მომგებიანი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, კატალონია გამოყოფის შემთხვევაში, საკმაოდ სწრაფად შეძლებს გარდამავალი პერიოდის სირთულეების გადალახვას და წარმატებული ეკონომიკის აშენებას. პესიმისტები აცხადებენ, რომ რეგიონის დღევანდელ წარმატებებს ევროკავშირის ქვეყნებთან და ესპანეთის დანარჩენ რეგიონებთან განვითარებული სავაჭრო კავშირები (ექსპორტი და იმპორტი) განაპირობებს, რაც გამოყოფის შემთხვევაში დაინგრევა.

ბანკები და პენსიები

კატალონიის ავტონომიური რეგიონის ესპანეთიდან გასვლის შემთხვევაში არსებობს ბანკების საქმიანობის დროებით შეწყვეტის რისკი. ამის შესახებ ესპანეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა ლუის მარია ლინდემ განაცხადა. მისი განმარტებით, ესპანეთისგან გამოყოფა კატალონიისთვის ევროკავშირიდან და შესაბამისად ევროს ზონიდან გასვლასაც ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში, კატალონიას აღარ ექნება წვდომა ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან დაფინანსებაზე. საბანკო ასოციაციები, რომლებიც აერთიანებენ უმსხვილესი ესპანური და უცხოური ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს, იძულებულნი გახდებიან კატალონიაში ოპერირების სტრატეგიას გადახედონ. ეს კი კომპანიების და მომხმარებლებისთვის კრედიტებთან წვდომის შეზღუდვას ნიშნავს.

დამოუკიდებლობის მოწინააღმდგეების პროგნოზით, გამოყოფის შემთხვევაში ბიუჯეტში ფინანსური ნაკადების შემცირების გამო კატალონიელების პენსიები შემცირდება. ისინი აცხადებენ, რომ მადრიდი არ არის ვალდებული სხვა სახელმწიფოს პენსიონრები შეინახოს, ამიტომ მათი შეფასებით, პენსიების მოცულობა დაახლოებით 6,7%-დან 16,9%-მდე შემცირდება. სხვები ამტკიცებენ, რომ პირიქით, პენსიები გაიზრდება, რაც იმის ხარჯზე მოხდება, რომ უმუშევრობის დონე კატალონიაში ესპანეთისაზე დაბალია, ხოლო საპენსიო ფონდში გადარიცხვები, შესაბამისად - უფრო მაღალი.

ესპანეთის სახელმწიფო ვალი

ესპანეთის სახელმწიფო ვალი პირველ კვარტალში დაახლოებით 1 ტრილიონ ევროს ან მშპ-ს 97,7%-ს შეადგენდა. “არამშვიდობიანი გაყრა” შეიძლება მხარეებს შორის კონფლიქტში გადაიზარდოს და კატალონია არ აიღებს თავის თავზე ამ ვალის ნაწილს. რეგიონის გამოყოფა მნიშვნელოვნად შეამცირებს ესპანეთის სახელმწიფოს ბიუჯეტს და მას სავარუდოდ, ევროკავშირის დახმარება დასჭირდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment