👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმ ბინაში, სადაც 17 დღის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები და ექსპერტები მუშაობენ. დასუფთავების სამსახურს ბინიდან აფეთქებების შედეგად ჩამონგრეული შიდა კედლების ნარჩენები და ნაგავი გამოაქვთ. ექსპერტები ამოწმებენ სადარბაზოს სხვა ბინებსაც, რამდენად ვარგისია საცხოვრებლად.
ამ დრომდე კორპუსის რამდენიმე ბინადარს ისევ არ აქვს შესაძლებლობა საკუთარ ბინაში დაბრუნდეს. რამდენიმე მათგანი შემთხვევის ადგილას იმყოფება. ექსპერტები მათ ბინებს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ. მედიისთვის კორპუსში შესვლა ისევ აკრძალულია. პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს.
გუშინ, თბილისის მერი ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში იმყოფებოდა. კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა დაასრულეს, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.
სპეცოპერაცია, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment