👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისის მერი კახა კალაძე ე.წ. ხრუშჩოვკების ახალაშენებული კორპუსებით შეცვლის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მერია ხელს შეუწყობს ინვესტორებს. ამის შესახებ 1tv წერს.
კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორსა და ე.წ.ხრუშჩოვკებში მცხოვრებ ადამიანებს შორის თანხვედრა იყოს.
“ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ დახმარება და ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდაც ვისაუბრე და სავსებით შესაძლებელია ამ პროექტების განხორციელება, შეთავაზება უნდა მოხდეს სამი მიმართულებით: პირველი ეს არის ფართების პირდაპირი გამოსყიდვა, მეორე – სხვა რაიონში კონკრეტული ფართის შეთავაზება, მესამე ე.წ. ხრუშჩოვკების ადგილას იგივე ფართის შეთავაზება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისში, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებას კომპანია m2 გეგმავს.
კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, უკვე შერჩეულია კონკრეტული ლოკაცია. საუბარია ვაჟა ფშაველას კვარტლებსა და ქავთარაძის ქუჩაზე.
ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, კომპანია საბურთალოს რაიონში ძველი ამორტიზებული კორპუსის ნაცვლად, ახალი კორპუსის აშენებას გეგმავს, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივები ძველი კორპუსებიდან ახალ საცხოვრებელ სახლში გადავლენ.
“ამორტიზებულ სახლებში მცხოვრებ პირებს m2 ბინების გადაცვლას ახალ აშენებულ ბინებზე შესთავაზებს. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ამორტიზებული შენობა დგას, დავიწყებთ მშენებლობას იმისთვის, რომ პროექტი კომერციულად მომგებიანი გახდეს. კონკრეტულად ქავთარაძეზე არის საშუალება, ადგილობრივებს შევთავაზოთ მათი საცხოვრებლის გადაცვლა ახალაშენებულ კორპუსებში იგივე ადგილას და იმავე ფართით. თუმცა არ გამოვრიცხავ, მოხდეს სხვა ლოკაციის შეთავაზებაც. ამას ბაზარი დაარეგულირებს, გააჩნია ვინ რა ფართს დათანხმდება”, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ.
მისივე თქმით, ამორტიზებული საცხოვრებელი ფართის ჩანაცვლება ახალაშენებული ბინებით, მომავალში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების კუთხით სერიოზული ფაქტორია.
კახა კალაძე ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი იყო, როდესაც განაცხადა, რომ თბილისში 500-ზე მეტი ხრუშჩოვკაა და ისინი არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით უნდა ჩანაცვლდეს.
30 ივლისს, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა კახა კალაძემ თავის საარჩევნო გზავნილებს დედაქალაქში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების გეგმა დაუმატა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment