Friday, December 15, 2017

კალაძის მოადგილემ ნაძვის ხესთან პარტიული სლოგანის განთავსება განმარტა


თბილისის მერის მოადგილემ თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან პარტიული სლოგანის - "სიცოცხლით სავსე ქალაქი" განთავსება განმარტა. მაია ბითაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ ამ სლოგანს მისცა ხმა და მისი განთავსება ახალი წლის სიმბოლოსთან სიმბოლურია.
"პარტიული ღონისძიება ახალ წელთან არაფერ შუაშია. ეს არის სახალხო ღონისძიება და დღესასწაული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მთელი წლის განმავლობაში ელოდება. შესაბამისად, წელს დედაქალაქის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია, რომ უნდა იცოცხლოს სიცოცხლით სავსე ქალაქში და შესაბამისად, სიმბოლურად ეს ასახულ იქნა იმ ნაძვის ხეზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი საერო დღესასწაულის სიმბოლოა.
ყველაფერი შეიძლება პოლიტიკურ კონტექსტში აღიქვას ვისაც ეს უნდა რომ ასე აღიქვას, თუმცა ეს არის ის სლოგანი, რომელსაც თბილისის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა და რომლებსაც უნდათ რომ მომავალი წელი და მომდევნო წლები სიცოცხლით სავსე იყოს ჩვენი დედაქალაქისთვის",- განაცხადა მაია ბითაძემ.
თავად თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე თავისი საარჩევნო სლოგანის გამოჩენის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.
ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment