👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოქალაქეობის საკითხი მომავალი წლის ნოემბრის ნაცვლად, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ასეთი შეთავაზება საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გაკეთდა.
”ახალი რედაქციის კონსტიტუციით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქობის დაკარგვის საფუძველი აღარ არის. იყო შემოთავაზება, რომ შესაბამისი ნორმა აგვემოქმედებინა უფრო ადრე, ვიდრე სხვა რეგულაციები. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შესაბამისი ჩანაწერი ემატება და როგორც კი ცვლილებები გამოქვეყნდება, ამოქმედდება ნორმა მოქალაქეობის თაობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები ორგანული კანონით განისაზღვრება.
პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. უქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა. გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიები მიიღებენ.
ახალი პროექტის თანახმად, იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი. ასევე ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.
2024 წელს კი პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment