Thursday, June 27, 2019

მელია მისთვის გირაოს შეფარდებას საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობას უკავშირებს

ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მისთვის გირაოს შეფარდების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
ნიკა მელიამ თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, თორემ ისე, „დაჭერისთვის კი არა, დახვრეტისთვის იყვნენ მზად“. 
„ადით ბიძინა ივანიშვილთან და კითხეთ, რა გაგიკეთათ, მე მრცხვენია თქვენს მაგივრად“, - მიმართა მელიამ დეპუტატებს, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას დაუჭირეს მხარი.  
„პარლამენტში ვივლი და ჩემს კოლეგებს ვკითხავ, რა მოხდა ხალხო, თქვენს გვერდით ზის კრიმინალი?!“, - აღნიშნა მელიამ. 
მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, დაცვის მხარე კი 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 
საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა. 
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment