უამინდობასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.
შსს-ს სამაშველო ჯგუფებმა უკლებლივ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ისინი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან.
მიმდინარე წლის 7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია, შსს-ს განცხადებაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment