საქართველოს
პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო
პაკეტის განხილვას საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში დაიწყებს, რომლის
გათვალისწინებით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე
ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
საკანონმდებლო
პაკეტით, რომლის ინიცირებაც საგაზაფხულო სესიაზე მოხდა, ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა
გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან,
როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების
ფაქტი. აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო
მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე.
კერძოდ,
პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული
ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი
შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი.
კანონპროექტის
ავტორების განმარტებით, პროექტით შესაძლებელი ხდება დღეისთვის არსებული
საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა, როცა მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია
უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები სასჯელი
ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია
საპროცესო შეთანხმება.
„მუხლის
პირველ ნაწილში გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის
მაქსიმალურად მაღალი ზომა, რაც მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზანს
ემსახურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლის შესაძლებლობა
მსჯავრდებულის ინდივიდუალური გარემოებებისთვის მაქსიმალურად შესაფერისი
სასჯელი განსაზღვროს. სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია
ალტერნატიულ სასჯელებს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ადამიანის ღირსება
და შემდგომი რესოციალიზაციის უფლება ირღვევა. კანონპროექტით, პირს
საშუალება ეძლევა, საზოგადოებასთან ურთიერთობით და მისგან იზოლირების
გარეშე, ნარკოტიკის მიღების სურვილი დაძლიოს და დანაშაულის ხელახალი
ჩადენის პრევენცია უზრუნველყოს”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
რაც
შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს, პროექტით,
ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა,
გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ
აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი
შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ
პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის
სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება,
რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის
მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე.
ზემოთ
აღნიშნულ მუხლებთან მიმართებაში კანონპროექტში შენიშვნად მითითებულია, რომ
ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს
ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ
ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას ან მის ანალოგს ან ნარკოტიკული
საშუალების შემცველ კულტივირებულ მცენარეს და თუ მის ქმედებაში სხვა
დანაშაულის ნიშნები არ არის.
ამასთან,
პროექტით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელება, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებრივად
სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
სამ წლამდე.
ცვლილებებით,
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება კომერციული მიზნით, ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ასევე ინიციატივით, ფსიქოტროპული
ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა,
შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე.
კანონპროექტი
ფსიქოტროპული ნივთიერების, ან მისი ანალოგის გავრცელებასაც ეხება. კერძოდ,
პროექტით, აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებრივად სასარგებლო
შრომით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
დასჯადი ქმედებაა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის გასაღებაც.
ინიციატივით, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის გასაღება
კომერციული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს
წლამდე.
ცვლილებებით,
საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის
უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით
საერთაშორისო გადაზიდვა, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში
უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით
საერთაშორისო გადაზიდვა, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებრივად სასარგებლო
შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ
წლამდე.
ინიცირებული
პროექტი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას,
მოყვანას ან კულტივირებასაც ეხება. კერძოდ, ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 300 საათამდე.
პროექტით
ასევე გათვალისწინებულია სასჯელი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი
რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება-გასაღების შემთხვევებზე. კერძოდ, ეს
ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
ზემოთ
აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით მკაცრად არის განსაზღვრული ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული
ნივთიერების ან მისი ანალოგის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის
ბინის ან სხვა სადგომის დათმობა არასრულწლოვნისთვის. პროექტით, ეს ქმედება
ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400
საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში,
თუკი იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორიდან რვა წლამდე.
იმ
შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს,
კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია
მოჰყვეს.
1tv.ge

No comments:
Post a Comment