მისი თქმით, მათ ტესტის გართულება არ განუზრახავთ, თუმცა თუკი სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ შედეგები რადიკალურად იცვლება, შესაძლოა გამოცდისათვის გამოყოფილი დროის გაზრდაზეც კი იფიქრონ.
–ზოგადი უნარების გამოცდის შეფასებისას აბიტურიენტების დიდი უმრავლესობა ამბობდა, რომ იგი ძნელი იყო. ხომ არ არის წელს დავალებები გართულებული?
–სოფო დოლიძე: გართულება ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ შეუძლებელია წინასწარ ზუსტად ვთქვათ, თუ რა სირთულის იქნება ტესტი. მასში შედის დავალებები, რომელთა სირთულეც ჩვენთვის ცნობილია, ოღონდ კონკრეტული შერჩევის საფუძველზე და არა იმ ადამიანების ნამუშევრის საფუძველზე, რომლემაც გამოცდა ახლა ჩააბარეს.
ამიტომ, წინასწარ ზუსტად იმის თქმა, თუ რა სირთულის იქნება ტესტი, შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ იგი საშუალო სირთულის იყოს და ასეც გამოდის ხოლმე. წლიდან წლამდე სირთულე 45-დან 50 %-მდე მერყეობს. შესაბამისად, წელსაც იმედი გვაქვს, რომ ოთხივე ვარიანტი ამ დიაპაზონში აღმოჩნდება.
სტუდენტების ჩივილს რაც შეეხება, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ისინი ძალიან სტრესულ პირობებში მუშაობენ და დაღლილები გამოდიან. შესაბამისად, ბუნებრივია, მათი კომენტარებიც რთული იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისაგან განსხვავებით, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა ძალიან ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს სრული დროის განმავლობაში. მაგალითად ქართულში, შესაძლებელია, თხზულება ჯერ შავად დავწეროთ, მერე გადავათეთროთ, გადავიკითხოთ, ამ პერიოდში ჩვენი გონება ისვენებს. ზოგადი უნარების ტესტში კი ასე არ ხდება. თითოეული დავალების შესრულებას დიდი კონცენტრაცია სჭირდება. შესაბამისად, გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს აქვთ განცდა, რომ ძალიან ბევრი იმუშავეს, დაიღალნენ, დიდი ძალისხმევა დახარჯეს და ეს მართლაც ასეა. იმედი მაქვს ეს ძალისხმევა დაუფასდებათ და იმ ქულებს მიიღებენ, რისი მიღებაც სურთ.
–აბიტურიენტები დროის ნაკლებობასაც უჩიოდნენ. ბევრმა ისიც თქვა, რომ ბოლოს პასუხებს დავალებების წაუკითხავად ხაზავდა. კიდევ ხომ არ იგეგმება დროის გაზრდა?
–ს.დ: სტატისტიკური ანალიზის შედეგები რომ გვქონდეს და ვიცოდეთ, რომ ჩვენი ტესტი რადიკალურად რთულდება, მაშინ დროის დამატებაზეც ვიფიქრებდით.ზოგადი უნარების ტესტში დავალებები იმგვარია, რომ თუკი მეტ დროს მივცემთ, აბიტურიენტისათვის ყველა დავალება ამოხსნადია. მაგალითად, მათემატიკურ ნაწილში არც ერთი დავალება მეცხრე კლასის პროგრამას არ სცდება.
ამიტომ, დრო ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მათ უნარს ზომავს – რამდენად სწრაფად, სხარტად და ეფექტურად შეუძლია ადამიანს გადაწყვეტილების მიღება. ეს ტესტი არაა სისწრაფეზე, მაგრამ იგი გადაწყვეტილების დროულად მიღებას და სხარტად აზროვნებას აფასებს. ამიტომ, ჯერ-ჯერობით, ამ წლების განმავლობაში მიღებული მონაცემების მიხედვით, დროის გაზრდა არ იგეგმება. ვნახოთ რას გვაჩვენებს წლევანდელი სტატისტიკური ანალიზი.
ცვლილებებისათვის ყოველთვის მზად ვართ, რადგან ჩვენი მიზანია აბიტურიენტებს საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება კარგად გამოავლინონ საკუთარი უნარები. თუ დავინახავთ, რომ ტესტი მათ ამის საშუალებას არ აძლევს, რადიკალურად გართულდება, ცხადია მიზეზებს გავაანალიზებთ და დროის გაზრდაზეც ვიფიქრებთ. თუმცა, ახლა არაფერი ამის მსგავსი არ იგეგმება.
–ანუ, არის თუ არა წლევანდელი ტესტი წინა წლებისაზე შედარებით რთული, ეს სტატისტიკური ანალიზის მერე გვეცოდინება?
–ს.დ: ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ განზრახ გართულებული არაა. სირთულე ყოველ ჯერზე იმ აბიტურიენტთა ქულების მიხედვით ითვლება, რომლებიც გამოცდას წერენ. ანუ, აბიტურიენტების მიერ მიღებული ქულები უნდა დავაჯამოთ და მათ რაოდენობაზე გავყოთ. ეს იქნება ტესტის საშუალო ქულა. შემდეგ ამას პროცენტებში გადავიყვანთ და ეს იქნება ტესტის საშუალო სირთულე. წინასწარ თქმა, ადვილი გამოვიდა თუ არა ტესტი, შეუძლებელია. აბიტურიენტების ნათქვამი არ გვაძლვს იმის საფუძველსა და უფლებას, რომ ზუსტი დასკვნები გავაკეთოთ.
–როდიდან დაიწყება ტესტების შემოწმება?
–ს.დ: ტესტების გასწორება გამოცდის დასრულებისთანავე იწყება. ანუ, დღეიდან უკვე ზოგადი უნარების პასუხების ფურცლების დასკანერებას ვიწყებთ. მოგეხსენებათ, ეს ტესტი ელექტრონული პროგრამის საშუალებით სწორდება. რამდენიმე ეტაპია გასავლელი, ამიტომ შედეგები ერთ დღეში ცნობილი ნამდვილად ვერ იქნება. თუ გვინდა, რომ მანქანას, ისევე როგორც წინა წლებში, არც ახლა შეეშალოს რამე, დრო უნდა მივცეთ. თუმცა, ზოგადი უნარების შედეგები ყველაზე ადრე იქნება.
–თუ წინასწარ გართულება არ დაგიგეგმავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ანალიზმა წინა წლებთან შედარებით დაბალი შედეგები აჩვენა, უნდა ვიფიქროთ, რომ აბიტურიენტების შესაძლებლობები გაუარესდა?
–ს.დ: ამ ტესტს არ ვატარებთ იმისიათვის, რომ აბიტურიენტების მომზადების დონე დავადგინოთ. ეს სასელექციო ტესტია. ჩვენ აბიტურიენტების დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ მათი უნარების მიხედვით, რათა ისინი უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე გავანაწილოთ. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორი მდგომარეობაა ზოგადად – გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მათი ცოდნის დონე. ეს გამოცდა ამის დადგენას არ ისახავს მიზნად.
–როდიდან გამოქვეყნდება შედეგები და როდის იქნება ცნობილი სტატისტიკური ანალიზი?
–ს.დ: სავარაუდოდ, თვის ბოლომდე შედეგების გამოქვეყნება დაიწყება. დაახლოებით ამავე პერიოდს დაემთხვევა ანალიზიც. თუ საშუალება გვაქვს, ვცდილობთ, რომ შედეგები რაც შეიძლება სწრაფად გამოვაქვეყნოთ. აბიტურიენტებთან ერთად ვღელავთ და ველოდებით ყველაფერს.
–ქართულის გამოცდის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ გარკვეული ვარიანტი დანარჩენებზე რთული იყო. თუკი უნარების შემთხვევაში ანალიზი დაადგენს რომ მართლაც ასე მოხდა, რა პრიორიტეტით ისარგებლებენ რთული ვარიანტის ჩამბარებლები?
–ს.დ: თეორიულადაც კი შეუძლებელია ზუსტად ერთნაირი ვარიანტების გაკეთება. განსხვავებები, ბუნებრივია, გვექნება. ამ წლების განმავლობაში განსხვავებები იყო, მაგრამ მათი სირთულე ერთმანეთან ძალიან ახლოს იდგა. საშუალო ქულებში 1,5 ქულაზე მეტი განსხვავება არასოდეს გვქონია. თუმცა, ამ მცირე განსხვავებასაც კი აუცილებლად ვასწორებთ, რათა არ დაიჩაგროს ის, ვინც რთული ტესტი დაწერა, გაიგივებისა და სკალირების მეთოდს მივმართავთ ეს განსხვავებებს აბსოლუტურად ათანაბრებს. როგორც იცით, საბოლოოდ ჩარიცხვებიცა და გრანტებიც სწორედ სკალირებით გაიგივებული ქულების საშუალებით ირკვევა და არა ნედლი ქულებით.
–როდესაც ჩვენს ვებ-გვერდზე აბიტურიენტების მიერ გახსენებული დავალებები დავდეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან განგვიცხადეს, რომ ეს აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა, რადგან დავალებები ზედმიწევნით ჰგავს ერთმანეთს, ზოგ შემთხვევაში კი მეორდება კიდეც. შედეგად, მესამე-მეოთხე სესიაზე გამსვლელი აბიტურიენტები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. მეოთხე ვარიანტის დაწერის შემდეგ გამოსულმა აბიტურიენტებმა ეს მსგავსება კონკრეტულ დავალებებში დაადასტურეს კიდეც, რატომ მეორდება საკითხები?
–ს.დ: ზუსტად იგივე დავალება შეიძლება არ იყოს, მაგრამ ძალიან ახლოს მდგომი იყოს. სწორედ იმიტომ, რომ სხვადასხვა სესიის ტესტები ერთმანეთს მაქსიმალურად ჰგავდეს და რომელიმე უფრო რთული არ იყოს, ტესტში ხშირად შეგვაქვს მსგავსი დავალებები. შეიძლება ზუსტად იგივეებიც კი გვქონდეს, ეს გამორიცხული არ არის და არაფერს ცუდს არ ნიშნავს. ეს ნორმალურია, რადგან მაქსიმალურად ვცილობთ, რომ ტესტები სირთულის მიხედვით გავათანაბროთ. ამიტომ, შესაძლებელია, რომ თუნდაც ერთი დავალება გამეორდეს.
დავალებებს პირველივე სესიის დასრულების შემდეგ იმიტომ არ ვაქვეყნებთ, რომ ეს თანაბრობის პრინციპს ემუქრება. მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ზოგადი უნარების ჯგუფი, ისევე როგორც სხვა ჯგუფები არაფერს მალავს, თუკი ეს რაიმე პრინციპს არ ემუქრება, რომლითაც მთელი ეს საგამოცდო სისტემა მუშაობს. თანაბრობის პრინციპი კი ერთ-ერთი ძირითადი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ამიტომ, ტესტების იმ წუთასვე გამოქვეყნება ამ პრინციპს დაარღვევდა.
გარდა, ამისა, ჩვენ ხომ ზოგადი უნარების ტესტით ადამიანის აზროვნების უნრის შეფასება გვინდა. თუკი მას წინასწარ ვეტყვით, რომ კონკრეტულ დავალებაში ბ პასუხია სწორი და ეს შემოხაზოს, ეს მთლიანად ამ სესტემას შეეწინააღმდეგება. ეს აბიტურიენტის დახმარება აღარაა.
–ინფორმასციის გავრცელება, ჩვენს დროში , ძალიან ადვილია. აბიტურიენტები ძალიან მარტივად, სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებში წერენ დავალებებს, რაც მათ შეხვდათ და ამას კითხულობენ ისინი, ვისაც გამოცდა წინ აქვს. ესეც ხომ არღვევს თანაბრობის პრინციპს? ამას როგორ უნდა გაუმკლავდეთ?
–ს.დ: ცხადია, ამას აბიტურიენტები წლიდან-წლამდე აკეთებენ. როდესაც აბიტურიენტი ამას წერს, რამდენად გარანტირებულად ვიცით, რომ მან დავალება სწორად დაიმახსოვრა? შესაბამისად, მისი ნათქვამი სხვა აბიტურიენტისათვის ნაკლებად სარწმუნოა. ხოლო თუ ჩვენ ამას უფრო მასშტაბურ სახეს მივცემთ, ორგანიზებულად და ერთად ბევრი რაღაცის თავმოყრა ამ სისტემას ცოტა უფრო მეტ ზიანს აყენებს.
რა თქმა უნდა, თითოეული აბიტურიენტის ნათქვამიც ძალიან მცირედ, მაგრამ მაინც აზარალებს ამ ყველაფერს. პირველი წელი არაა, რაც ეს გამოცდილება გვაქვს. ამის გამო მცირდება ისეთი დავალებების რაოდენობა, რომლებიც მეორდება.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment