Friday, September 29, 2017

რა შეცვალა ახალმა კონსტიტუციამ?

26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა. სხდომა პოლიტიკური განცხადებებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

რა არის კონსტიტუცია?

ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული ძალა და არის ბაზა მიმდინარე კანონმდებლობისთვის. კონსტიტუციაში განმარტებულია სახელმწიფოს მიზნები, მისი სულისკვეთება. ის განსაზღვრავს სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოებს, მათი ფორმირების და ფუნქციონირების წესს, მათ კომპეტენციას და ერთმანეთთან ურთიერთობას. კონსტიტუცია სახელმწიფოს და მის მოსახლეობას შორის ერთგვარი შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს ინდივიდების ურთიერთობას ხელისუფლებასთან და განმარტავს მოქალაქეების ძირითად უფლებებს და ვალდებულებებს. ჩვეულებრივი კანონებისგან განსხვავებით, კონსტიტუცია უფრო სტაბილური და რთული დოკუმენტია, რადგან მისი მიღების და შეცვლის წესი განსაკუთრებულია.

რად გვინდა?

კონსტიტუციის გარეშე სახელმწიფოს შეიძლება შეექმნას არსებობის საფრთხე. კონსტიტუცია ნებისმიერი ქვეყნის მოწყობის და წარმატებული არსებობის გარანტია. მის გარეშე საფრთხე ექმნება სახელმწიფოს განვითარებას, ჩნდება მმართველობაში განუკითხაობის, ანარქიის წარმოქმნის რისკი და შესაბამისად სახელმწიფოს ტერიტორიული დაშლის საფრთხეც.

ყველა ქვეყანას აქვს?

თითქმის. მსოფლიოში, სულ ათამდე ქვეყანაა, რომელსაც კონსტიტუცია ერთი დოკუმენტის სახით არ აქვს. ესენია დიდი ბრიტანეთი, კანადა, ახალი ზელანდია, შვედეთი, სან-მარინო, ისრაელი, ლიბია, საუდის არაბეთი. ამ აქვეყნებში მთავარი სამართლებრივი ნორმები რეგულირდება საკანონმდებლო აქტების, ერთგვარი დოქტრინების, სამართლებრივი წესჩვეულებების და სასამართლო პრეცედენტების კრებულით.

რამდენი და როგორი კონსტიტუცია ჰქონდა საქართველოს?

- 1921 წელი. პირველი კონსტიტუცია დამოუკიდებელმა საქართველომ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო. ოთხ დღეში ქვეყნის გასაბჭოება მოხდა, ამიტომ დოკუმენტს არ უმუშავია. ამ კონსტიტუციით განსაზღვრული იყო ქვეყნის საპარლამენტო მოდელი.  
- 1921-1990 წლები. საქართველოს სსრ კონსტიტუციის 4 რედაქცია (1922, 1927, 1937, 1978),
რომელიც არ გამოხატავდა ქართველების ნებას, არამედ იყო მოსკოვის მიერ დაპყრობილი ქვეყნისთვის თავსმოხვეული დოკუმენტი.  
- 1990 წელი. მრავალპარტიულ არჩევნებში კომუნისტების დამარცხების შემდეგ საქართველოს სსრ კონსტიტუციას გადაარქვეს სახელი, უწოდეს “საქართველოს კონსტიტუცია”, ამოიღეს ძალიან ბევრი ძველი ნორმა და შეიტანეს ახლები. ამ დოკუმენტით ორი უმაღლესი მმართველი ინსტიტუტი არსებობდა - პარლამენტი და მთავრობა.

 - 1991 წელი. პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ, მოქმედ მთავარ კანონში შევიდა ცვლილება და გაჩნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს იყო შერეული, საპრეზიდენტო, ეგრეთ წოდებული ფრანგული მოდელი.

- 1992 წელი. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, სამხედრო საბჭომ მოქმედი კონსტიტუცია გააუქმა და აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია თანამედროვე რეალიების გათვალისწინების დათქმით. ამ წელს არჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ (ფაქტობრივი კონსტიტუცია). ამ კანონით განსაზღვრული ხელისუფლების მოდელი იყო ეკლექტური და დარღვეული იყო ხელისუფლების დანაწილების პრინციპი: ერთი პირი (შევარდნაძე) იყო სახელმწიფოს მეთაურიც და პარლამენტის თავმჯდომარეც, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არსებობდა.

- 1995 წელი. პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია და შემოიღო პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს იყო ეგრეთ წოდებული ამერიკული, ძლიერი საპრეზიდენტო მოდელი.

- 2004 წელი. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლითაც პრეზიდენტი აღიჭურვა კიდევ უფრო დიდი და ფართო უფლებებით და დომინირებდა ყველა სხვა სახელისუფლო შტოსა და ინსტიტუტზე. ეს იყო სუპერსაპრეზიდენტო მოდელი.

- 2010 წელი. კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები. ნაწილი ამოქმედდა მაშინვე, მმრთველობის ნაწილი - 2013 წლის პრეზიდენტის ინუგურაციის შემდეგ. 2010 წლის კონსტიტუცია იყო სუპერსაპრემიერო მოდელი: პრემიერის განუზომლად დიდი უფლებებით, კიდევ უფრო სუსტი პარლამენტით და პრეზიდენტით, რომელსაც ჩამოერთვა ყველა აღმასრულებელი უფლება და დაემსაგვსა საპარლამენტო მოდელის პრეზიდენტს.

- 2013 წელი. ახლადარჩეულმა პარლამენტმა კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილების შეტანით შეზღუდა პრემიერმინისტრის უფლებები. ეს მოდელი დაუახლოვდა საპარლამენტო მოდელს.

- 2017 წელი. პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელი.

ახალი კონსტიტუცია წინასგან რით გასხვავდება?

შინაარსითაც და ფორმითაც. ახალი დოკუმენტით ფუნდამენტურად იცვლება ქვეყნის მართვის მოდელი, შესაბამისად სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი, ასევე არჩევნების სისტემა.

შინაარსის გარდა, ცვლილებებია ფორმაშიც. მაგალითად, ძველ კონსტიტუციაში თუ 109 მუხლი იყო, ახალში - 78 მუხლია. ძველში თუ მხოლოდ თავები იყო დასათაურებული, ახალში - თითოეულ მუხლს თავისი სათაური აქვს.

ბევრი ცვლილებაა?

ჰიმნის, დროშის და გერბის შეცვლა გართულდა

სახელმწიფო ენას დაიცავს ორგანული კანონი; ჰიმნის, დროშის და გერბის გადასინჯვას მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეძლებს; არჩევნებით არჩეული ორგანოს უფლებამოსილების ვადის შემცირება ან გაზრდა აიკრძალა; პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას მიიღებენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში; საქართველო გახდა სოციალური სახელმწიფო; საქართველო იზრუნებს ემიგრანტებთან კავშირის შენარჩუნებაზე; აღიარებს, უზრუნველყოფს და იზრუნებს ეკონომიკურ თავისუფლებასა და ღია ეკონომიკის განვითარებაზე;

სახელმწიფო შშმ პირებს განსაკუთრებულ პირობებს შეუქმნის

სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს კაცებისა და ქალებისათვის და მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს მათ შორის “არსებითი თანასწორობის” უზრუნველყოფისთვის და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად; სახელმწიფო შექმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებების და ინტერესების რეალიზებისათვის;

კონსტიტუციამ ინტერნეტი აღიარა

კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას; მედიაპლურალიზმს, მედიაში აზრის გამოხატვის თავისუფლებას და მეწარმათა უფლებებს დაიცავს ეროვნული მარეგულირებელი; ყველას ექნება ინტერნეტზე წვდომის და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება;

ქორწინება განიმარტა და მიწას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა

ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოქალაქის სარჩელის “გონივრულ ვადაში” განხილვა; საჯარო ინფორმაციის გაცნობას არამხოლოდ საქართველოს ყველა მოქალაქე, არამედ “ყველა” შეძლებს; აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება; არჩევნებში მონაწილეობის მიღებას პირთა უფრო ფართო წრე შეძლებს (მუხლი 24); ქორწინებად, მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ჩაითვლება; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ხდება განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი;

სახელმწიფოს საგარეო კურსი დაზუსტდა  

კონსტიტუციურ ორგანოებს დაევალათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

ადვოკატი აღიარებულია, ერთი და იგივე ომბუდსმენის ორჯერ არჩევა აკრძალულია, საქართველოს მოქალაქისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის

სასამართლოში საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილი იქნება; ყველას ექნება უფლება სასამართლოში დაიცვას უფლებები მათ შორის “ადვოკატის” მეშვეობით; საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აღარ ეკრძალება იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ორჯერ არჩევა იკრძალება;

პრეზიდენტის, დეპუტატის და საკონსტიტუციოს მოსამართლის ასაკი გაიზარდა

პარლამენტის დეპუტატი ვეღარ იქნება 25 წელზე ახალგაზრდა, პრეზიდენტი უნდა იყოს სულ ცოტა 40 წლის, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - 35 წლის.

მოსამართლე ხდება "კეთილსინდისიერი და კომპეტენტური", პროკურატურა - დამოუკიდებელი
საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელი ხდება და ემორჩილება მხოლოდ კანონს;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა იზრდება 28 მოსამართლემდე; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც და თავმჯდომარესაც პრეზიდენტი აღარ წარადგენს, არამედ იუსტიციის საბჭო. მოსამართლეებს უვადოდ, ხოლო თავმჯდომარეს 10 წლით ირჩევს პარლამენტი. საერთო სასამართლოების მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო შეარჩევს “კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის” ნიშნით; უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლე იმუშავებს 3 წლის გამოსაცდელი ვადით;

საკონსტიტუციო სასამართლო საარჩევნო წელს ვერ განიხილავს საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელ ნორმებს ანუ ვერ ცნობს ამ ნორმებს არაკონსტიტუციურად;

პარლამენტს როგორ ავირჩევთ?

პარლამენტის 150-ივე წევრს ავირჩევთ პროპორციული სისტემით; არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პოლიტიკური პარტიები მიიღებენ (ბლოკები ვეღარ); პარლამენტში ფრაქციას ვერ შექმნის 7-ზე ნაკლები დეპუტატი (აქამდე 6-ს შეეძლო); ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წევრები ვერ შექმნიან ერთზე მეტ ფრაქციას;

პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 %-ს მაინც ანუ 5%-იანი ბარიერი უცვლელი რჩება. ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ანუ იმ პარტიების მიერ მიღებულ ხმებს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს (საარჩევნო კოდესით ეს ხმები არ იკარგება, არამედ ბარიერგადალახულ პარტიებზე ბონუსის სახით ნაწილდება) მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. მაგრამ იქვე დადგენილია ბონუსის ზედა ზღვარი, რომლის თანახმად გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ამ პარტიის მის მიერ მიღებული ხმების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გუნაწილებელი მანდატები პროპორციულად სხვა ბარიერგადალახულ პარტიებზე განაწილდება.  

მაგრამ პარლამენტის არჩევის ამ წესებიდან უმრავლესობა ამოქმედდება არა მომავალი საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც 2020 წელს ჩატარდება, არამედ 2024 წლის არჩევნებზე. 2020 წელს არჩევნებში ერთჯერადად 3%-იანი ბარიერი დაწესდება და მასში მანაწილეობას ბლოკებად გაერთიანებული პარტიებიც შეძლებენ. 2024 წელს კი ერთჯერადად ბონუსის სისტემაც არ ამოქმედდება და გადაუნაწილებელ მანდატებს ბარიერგადალახული პარტიები თანაბრად გაიყოფენ.

პრეზიდენტს პირდაპირ აღარ ავირჩევთ?

არა. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს პარლამენტის შენობაში აირჩევს საარჩევნო კოლეგია. რომლის შეამდგენლოასაც ცესკო ამტკიცებს. საარჩევნო კოლეგია შედგება ეგრეთ წოდებული 300 ხმოსნისგან. ხმოსნები არიან საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე ადგილობრივი საკრებულოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული პირები.

ერთი და იგივე ადამიანის არჩევა საქართველოს პრეზიდენტად მხოლოდ ორჯერ შეიძლება. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს. ერთ ხმოსანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმოსანთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 დაუჭერს მხარს.

თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში მონაწილეობს საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ მხას მიიღებს. თუ არჩევნები არ შედგა ან ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

რადგან პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის სისტემა იცვლება და ეს ორი პროცესი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ამიტომ 2018 წელს პრეზიდენტს ისევ პირდაპირი წესით ავიჩევთ, მაგრამ ამ წელს არჩეულ პრეზიდენტს მმართველობის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება იმისთვის, რომ მისი შემდეგი არჩევნები 2024 წელს, პარლამენტის პროპორციული სისტემით არჩევას დაემთხვეს.

სამი სახელისუფლებო შტოდან ვინ უფრო ძლიერია?

ახალ კონსტიტუციაზე ბევრი დავის მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ დოკუმენტში სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი მეტნაკლებად დაცულია. საპარლამენტო მოდელის ქვეყნებში ძლიერი აღმასრულებელი ორგანო მთავრობაა, ძლიერი ფიგურა კი პრემიერმინისტრი. გაძლიერებულია პარლამენტიც.

ახალ დოკუმენტში პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უფრო დახვეწილია და ვადები შემჭიდროვებული. შეცვლილია ასევე პარლამენტის მიერ ბიუჯეტის მიღების წესი. კერძოდ თუ ადრე პარლამენტს ბიუჯეტის არ მიღების შემთხვევაში დათხოვნის პერსპექტივა ემუქრებოდა, ამიერიდან, თუ პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვეში არ მიიღებს, ხარჯები წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით დაიხარჯება.

პრეზიდენტი ამ ორ შტოს შორის არბიტრის და დამბალანსებლის ფუნქციას შეასრულებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment