Tuesday, September 26, 2017

რამდენს უნდა იწონიდეს სკოლის ჩანთა? მთავარი კითხვები მოსწავლის ჯანმრთელობაზე


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, სასკოლო ჩანთის წონა ბავშვის მთლიანი წონის 10-20%-ს არ უნდა აღემატებოდეს და რა თქმა უნდა, 10% უმჯობესია. ზედმეტი წონა ბავშვის სხეულის დეფორმირებას და ზურგის ტკივილებს იწვევს, ასევე დიდია იმის საფრთხე, რომ ის იოლად დაეცემა.

რამდენს უნდა იწონიდეს სკოლის ჩანთა?

ზურგჩანთა დასაშვებ ნორმაზე მძიმე რომ არ იყოს, უმჯობესია, თუ ზოგადად მსუბუქ ჩანთას აარჩევთ. სამხრეულები უნდა იყოს ფართო, რბილი და მდგრადი; განსაკუთრებით, თუ ჩანთა მძიმეა. ისეთი ჩანთის ტარება, რომელსაც ერთი სამხრეული აქვს, რეკომენდებული არ არის, რადგან ის დამატებით დატვირთვას ქმნის. სასურველია ასევე, ჩანთაზე მიკრული იყოს სინათლის ამრეკლავი ელემენტები, რომ ბავშვი საღამოობით უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეს.

როგორ დავიცვა ბავშვი სხეულის დეფორმირებისგან?

ამისთვის საჭიროა:
- კომფორტულად და სწორად ორგანიზებული სამუშაო ადგილი. ისეთი, როგორიც ამ ფოტოზეა გამოსახული და აღწერილი. 
- ძლიერი კუნთები, რომელსაც ხერხემალი უჭირავს: სუსტი კუნთებით ზურგის თანაბრად დაჭერა რთულია.
- თვითკონტროლი. მოზარდებს და უფროსებსაც შეუძლიათ კომპაქტური ელექტრონული მოწყობილობების ტარება, რომლებიც ზომით ღილზე ოდნავ დიდია, ტანსაცმელზე ან სხეულზე მაგრდება და ვიბრირებს თუ ადამიანი მოიხრება.

იმისთვის, რომ ბავშვმა სხეულის კარგი ფორმა შეინარჩუნოს, ასიმეტრიულ პოზაში დიდხანს არ უნდა იჯდეს - ქვეშ ამოდებული ან სკამზე აწეული ფეხით. ორთოპედი-ტრავმატოლოგების თქმით, ბავშვებს დეფორმაცია უვითარდებათ ხშირად არაკორექტირებული ახლომხედველობის გამო, ანუ იმათ ვინც სათვალეს ან ლინზებს არ იყენებს; ასევე მაღალ ბავშვებს, რომლებსაც რცხვენიათ, რომ თანატოლებზე მაღლები არიან და ცდილობენ უფრო დაბლები გამოჩდნენ.
მაგრამ თუ ბავშვი ხშირად მოხრილია, არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ მას სკლიოზი აქვს. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. სკოლიოზი - დაავადებაა, როდესაც ხერხემალი 10 გრადუსზე მეტადაა გამრუდებული. ხოლო მოხრილობა დაავაადება არ არის, თუმცა ზურგის არეში ტკივილები ახასიათებს. ექიმთან კონსულტაცია ყველა შემთხვევაში ღირს, რომელიც გაარკვევს თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. დიდი ალბათობით, ექიმი ფიზიკურ ვარჯიშებს გირჩევთ, რაც კარგი პროფილაქტიკაა ზურგის ტკივილებისგან გათავისუფლებისთვის, როგორც ჯანმრთელი, ასევე სკოლიოზიანი ადამიანებისათვის.

ზოგჯერ მშობლებს მიაჩნიათ, რომ თუ ბავშვის ერთი მხარი მეორეზე მაღლაა, საკმარისია ჩანთა მეორე მხარზე გადაიკიდოს და ზურგი გასწორდება. მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ეს არაფერს შეცვლის. მხრების კორექტორების (ქამრების) ეფექტიანობა დადასტურებული არ არის.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რა დრო შეიძლება ბავშვმა კომპიუტერთან გაატაროს?

მკაფიო საზღვრები არ არსებობს, და მიჩნეულია, რომ ამას მშობლები უნდა წყვეტდნენ. მთავარია, რომ ბავშვს ეძინოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, და არ მისცეთ მას უფლება დაძინებამდე ერთი საათით ადრე ეკრანს უცქიროს; აქტიურად იმოძრაოს დღეში სულ ცოტა ერთი საათის განმავლობაში; მეტი დრო გაატაროს ქუჩაში და ახლომხედველობა ნაკლებად განუვითარდება.

რამდენ ხანს უნდა ეძინოს?

ეს ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. ამერიკელი ექიმების რეკომენდაციების თანახმად, 6-დან 12 წლამდე ბავშვებს უნდა ეძინოთ 9-12 საათი, 13-დან 18 წლამდე მოზარდებს - 8-10 საათი. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ მოზარდები ხშირად "ღამურები" ხდებიან. ამას განვითარების თავისებურებას უწოდებენ. სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით, ამერიკის პედიატრიის აკადემიის რჩევაა, რომ სკოლის გაკვეთილები 8:30 საათზე ადრე არ იწყებოდეს.

ბავშვს ჯანმრთელი ფსიქიკა როგორ შევუნარჩუნო?

მთავარია, დააკვირდეთ მის ქცევას და დროულად დაეხმაროთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ ბავშვი მოულოდნელად ხდება აგრესიული და გაღიზიანებული; დიდხანს არის ცუდ ხასიათზე; ემიჯნება მეგობრებს და ახლობლებს; ხშირად ნერვიულობს; აღარ აინტერესებს ის, რითაც ადრე ინტერესდებოდა; ხშირად კატეგორიულ უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე; უჭირს კონცენტრაცია;  აპათიაშია (სიზარმაცეში არ აგერიოთ); ახალი შიშები უჩნდება, მაგალითად სიბნელის შიში, რომელიც უმცროსკლასელებში ხშირია.

მოკლედ, ნებისმიერი მოულოდნელი ნეგატიური ცვლილება ბავშვის ქცევაში იმის ნიშანია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ არის. 

დაძაბული ატმოსფერო სკოლაში (ჩაგვრა, ფსიქოლოგიური ზეწოლა მასწავლებლის მხრიდან, მაღალი მოთხოვნები მოსწრებაზე) შეიძლება ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახოს. თავის ტკივილები, უძილობა, ცუდი სიზმრები, მადის დაკარგვა ან პირიქით, გადამეტებული მადა,  ატოპიური დერმატიტი, კუჭის აშლა (ტკივილი, გულისრევა, სიმძიმე), ნერვულ ტიკებთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესება, ხშირი ტრავმები, თვითდაზიანება, კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი), აკვიატებული ქცევა (ფრჩხილების კვნეტა, თმების ამოგლეჯა) და ღამის ოფლიანობა - ეს ყველაფერი შეიძლება ბავშვებში ქრონიკული სტრესის შედეგი იყოს.

თავდაპირველად, თუ ამის ძალა შეგწევთ, შეეცადეთ თავად გაერკვეთ სიტუაციაში. ბავშვს მშვიდ ატმოსფეროში უნდა დაელაპარაკოთ, კრიტიკის და კატეგორიული რჩევების გარეშე. ფსიქოლოგების თქმით, ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში დაცინვის გამო ტრავმა აქვთ, მშობლები ხშირად ურჩევენ, რომ მსგავს ინციდენტებს ყურადღება არ მიაქციონ, რაც არაეფექტიანი და მავნე რჩევაა. საჭიროა ბავშვთან ერთად გამოსავლის ძიება, მის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა და მისი დაცვა, სადაც ეს შესაძლებელია. თუ პრობლემა ბავშვის თვითშეფასების გამო გაჩნდა, საჭიროა მისი ყურადღების მიპყრობა იმაზე, რაც კარგად გამოსდის და მიეცით უფლება ჩამოშორდეს იმ საქმეს, სადაც ქრონიკულად წარუმატებელია.      

მნიშვნელოვანია, მშობლებმა ბავშვებს ადეკვატური მაგალითი მისცენ და სტრესს ალკოჰოლით და კომპიუტერით არ შეებრძოლონ. შვილებმა უნდა დაინახონ, რომ ახლობლებისთვის პირადი განცდების გაზიარება შეიძლება.

ფსიქოლოგების თქმით, მოდუნება და დროის დაუგეგმავად გატარება - ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლის კარგი გზაა. საჭიროა თავისუფალი დროის გამონახვა. თანაც დასვენება შეიძლება მრავალნაირი იყოს. მაგალითად, უფროსკლასელს, მოახლოებული გამოცდების მიუხედავად, უფლება აქვს ეზოში მეგობრებთან ერთად იჯდეს, პარკში ისეირნოს და ფანჯრიდან საათობით იყურებოდეს. ასეთი ქცევის გაკიცხვა არ შეიძლება: დასვენება და ურთიერთობა ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ეხმარება ტვინს ინფორმაციის სტრუქტურირებაში, პიროვნებას კი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებაში.

თუ ყველა მცდელობის მიუხედავად არაფერი იცვლება, მაშინ მცოდნე და გამოცდილ ფსიქოლოგს მიმართეთ.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როდის შეიძლება თქმა, რომ ბავშვი საეჭვოდ ხშირად არის ავად?

ჯანმრთელი ბავშვები, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციით წელიწადში საშუალოდ 6-8-ჯერ ავადდებიან, ზოგიერთები უფრო ხშირადაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს სანერვიულო არ არის. სინამდვილეში, სიხშირე ნაკლებად არსებითია - გაცილებით მნიშვნელოვანია ავადმყოფობის სიმძიმე და ხანგრძლივობა.

იმისთვის, რომ პირველად იმუნოდეფიციტზე ეჭვი გაგიჩნდეთ, ამ სიმპტომებიდან რომელიმე მაინც უნდა არსებობდეს: ხშირი და განმეორებითი პნევმონია, ბრონქიტი, სინუსური ინფექციები, ყურის ინფეცქიები, მენინგიტი და კანის ინფექციები; შინაგანი ორგანოების ინფექცია და ანთება, სისხლის დაავადებები, როგორიცაა თრომბოციტების დაბალი შემცველობა ან ანემია; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა სპაზმები, უმადობა, გულისრევის შეგრძნება და ფაღარათი; დაგვიანებული ზრდა-განვითარება; ავტოიმუნური დაავადებები.

თუ ბავშვს აღენიშნება ხშირი, განმეორებითი, მძიმე ინფექციები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ინფექციებისგან ბავშვი როგორ დავიცვა?

დროულად გაუკეთეთ აცრა და ყურადღება მიაქცეთ ხელის დაბანა არ დაავიწყდეს - ამაზე ეფექტიანი საშუალება ჯერ არავის მოუგონია. ნივრის, ნიღბების, ურეცეპტო იმუნოსტიმულატორების, ჰომეოპათური პრეპარატების, ვირუსების ბლოკატოების, ეხინაციის და სხვათა ეფექტიანობა ხარისხიან კვლევებში ვერ დადასტურდა.

ზოგადად, ბავშვი ნაციონალური კალენდრის მიხედვით უნდა აცრათ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნაციონალური კალენდარი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, შედგენილია არამხოლოდ ეპიდემიოლოგიური ვითარების, არამედ სახელმწიფოს ფინანსური შესძლებლობების გათვალისწინებით. ამის გამო, ზოგიერთი მნიშვნელოვანი აცრა კალენდარში შეიძლება არ მოხვდეს, მაგრამ მათი გაკეთება სასურველია. სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ამერიკულ კალენდარზე ორიენტირება, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულია.

გრიპისგან ჯობს ისეთი ვაქცინებით დაიცვათ თავი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს შეესაბამება და არ შეიცავს ნაკლებად შესწავლილ იმუნოსტიმულატორებს. მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, სამწუხაროდ, ჯერ არ შეუქმნიათ.

ბავშვი თუ ავად გახდა, სკოლაში როდის შემიძლია გავუშვა?

ამ კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს. თუ თქვენ ბავშვი სკოლაში გაუშვით და ის უარესად გახდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არასწორად მოიქეცით: მოვლენების ამგვარად განვითარება შეიძლება ექიმებმაც ვერ იწინასწარმეტყველონ. გადაწყვეტილების მიღების დროს სამი რამ გაითვალისწინეთ: ბავშვს სწავლა უნდა შეეძლოს; სკოლაში ისეთი სიტუაცია უნდა იყოს, რომ მასწავლებელს შეეძლოს ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა და შეგატყობინოთ, თუ ის უარესად გახდა; ბავშვს არ უნდა ჰქონდეს სახიფათო ინფექციური დაავადება. 

მაგალითად, ამერიკის პედიატრიის აკადემიას მიაჩნია, რომ ბავშვის სკოლაში გაშვება შეიძლება, თუ დაავადება სერიოზული არ არის. მაგალითად, მწვავე რესპირაციული დაავადება ან პედიკულეზი (ტილიანობა). მაგრამ ჩუტყვავილას შემთხვევაში, ბავშვი, რა თქმა უნდა, სახლში უნდა დარჩეს. თუ ჩვეულებრივი გაციებაა, ის უბრალოდ სწორად უნდა აცემინებდეს, ახველებდეს და იხოცავდეს ცხვირს. დაცემინება და დახველება საჭიროა ქაღალდის ცხვირსახოცში, რომელსაც უმალ გადააგდებს და შემდეგ ხელს დაიბანს. იმავეს გაკეთება სახეზე ხელის გულის აფარებით არ შეიძლება, რადგან შემდეგ ბავშვი ამ ხელით სხვადასხვა ნივთებს ეხება და იოლად უზიარებს ვირუსებს გარშემომყოფებს. ცხვირის მოხოცვაც საჭიროა ქაღალდის ცხვირსახოცში.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტილების მოშორება როგორ შეიძლება?

ამისთვის რამდენიმე საშუალება არსებობს, მაგრამ ჯობს შამპუნით დაწყება, რომელიც პერმეტრინისგან შედგება. თავის დაბანის შემდეგ, საჭიროა თმის დავარცხნა ხშირი კბილანებიანი რკინის სავარცხლით. ამის გაკეთება რეკომენდებულია რეგულარულად, 7-10 დღის განმავლობაში. იმისთვის რომ მკურნალობა ეფექტიანი იყოს, საჭიროა ამ და შამპუნის ინსტრუქციაში მითითებული სხვა წესების განუხრელად დაცვა.

ბინის განსაკუთრებული დამუშავება საჭირო არ არის: ტილები ადამიანის სხეულზე ცოცხლობენ და არა სხვა საგნებზე, თუმცა უკეთესი იქნება თუ იმ ნივთებს, რომელსაც ბავშვის თავი შეეხო, მკურნალობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაწმენდთ და გარეცხავთ 50 გრადუსზე მაღალ ტემპერტურაზე. თუ გარკვეული ნივთების გარეცხვა არ შეიძლება, შეინახეთ ისინი პოლიეთილენის პაკეტში ორი კვირის განმავლობაში. სავარცხლები ცხელ წყალში ავლეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

ტილებმა ფრენა და ხტუნვა არ იციან - ისინი ცოცავენ, ამიტომ ტილები გადამდებია მხოლოდ პირდაპირი კონტაქტის დროს. მაგალითად მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან ან (გაცილებით იშვიათად) როდესაც ერთმანეთის სავარცხლებს და თმის სამაგრებს იყენებენ. ამიტომ პროფილაქტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები იმით შემოიფარგლება, რომ ეს არ უნდა გააკეთონ, თუ სკოლაში ვინმეს ტილებს აღმოუჩენენ.

წყარო: Meduza

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment