👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შაბათს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე ჩეხეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევის მეორე დღე დაიწყო. რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მას "ნორმალური და თავისუფალი უწოდა"; კენჭისყრა 14 საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც შედეგების დათვლა დაიწყება.ჩეხეთში 20-21 ოქტომბერს მორიგი საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც ტრადიციულად ორი დღის განმავლობაში იმართება.
ქვედა პალატის მანდატებისთვის რეკორდული რაოდენობის პარტიები და მოძრაობები იბრძვიან - დეპუტატობის კანდიდატები 31 სუბიექტმა წარადგინა. 200 სადეპუტატო ადგილისთვის 7,5 ათასი კანდიდატი იბრძვის, მათგან 28% ქალია. კანდიდატების საშუალო ასაკი, დაახლოებით 46 წელია.
არჩევნების ფავორიტი ცენტრისტული მოძრაობა ANO-ა, რომელიც 6 წლის წინ შეიქმნა და რომელსაც მილიარდერი ანდრეი ბაბიში ხელმძღვანელობს. ბოლო კვლევებით ANO-ს 27-30%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც ორჯერ მეტია კონკურენტების - კომუნისტების და სოციალ-დემოკრატების რეიტინგზე. მაგრამ ბაბიშისთვის ხელისშემშლელი გარემოება მის წინააღმდეგ სექტემბერში დაწებული გამოძიებაა.
მილიარდერს, რომელიც წარმოშობით სლოვაკია, თავისი ერთ-ერთი ფირმისთვის ევროკავშირის რამდენიმემილიონიანი (დაახლოებით 2,3 მილიონი დოლარი) სუბსიდიის თაღლითურად მიღებაში ადანაშაულებენ. იმავდროულად, გასულ კვირაში სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვედა ინსტანციებს ხელახალი გამოძიებისთვის დაუბრუნა საქმე, რომელიც სოციალიზმის წლებში ბაბიშის საბჭოთა სპესამსახურებთან თანამშრომლობას სწავლობს. ბაბიში ყველა ბრალდებას უარყოფს.
პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ მიუხედავად გამოძიებისა, თუ ANO არჩევნებში გაიმარჯვებს, ის პირველს სწორედ ბაბიშს მისცემს მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას.
პირველად პოსტსაბჭოთა წლებში, ჩეხეთის კომუნისტურ პარტიას არჩევნებში მეორე ადგილის მოპოვების შანსი აქვს. გამოკითხვებით, მის კანდიდატებს მოსახლეობის 13-14% უჭერს მხარს. კომუნისტების ჩეხეთის ევროკავშირიდან და ნატოდან გამოყვანას ემხრობიან. წინა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატებმა მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაკარგეს.
მთავრობაში მოსახვედრად აუცილებელი 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს. ისინი მოსახლეობას ბაბიშით, ევროპული იდეალებისგან დაშორებით და აღმოსავლეთისკენ მიბრუნებით აშინებენ.
ახლახან შექმნილი "პირატების" პარტია და მოძრაობა "თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია" გათვლას იმ ამომრჩევლებზე აკეთებენ, რომლებსაც მობეზრდათ ტრადიციული პარტიები და მათი ლიდერები, რომლებიც ბოლო ოცი წელია ტელევიზორების ეკრანებიდან არ ქრებიან. "პირატები" აცხადებენ, რომ კორუფციას შეებრძოლებიან, ხოლო "თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია" - მუსლიმური ქვეყნებიდან მიგრანტების ტალღას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment