Monday, October 23, 2017

მოწმე: გია უდესიანმა კუს ტბის წილის დათმობის გამო, ბესიკ ხარძიანის ძმას სცემა

ბესიკ ხარძიანის წამების ორგანიზებაში ბრალდებულ გია უდესიანის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ხარძიანის ნათესავები, მათ შორის კუს ტბის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა.
მოწმეებმა ბესიკ ხარძიანსა და გია უდესიანს შორის ბოლო პერიოდში დაძაბულ ურთიერთობაზე ილაპარაკეს. ასევე, ისაუბრეს უდესიანისა და თავდაცვისა და კუდის მაღალჩინოსნების ნაცნობობაზე. გაიხსენეს ბესიკ ხარძიანის ძმის გიორგი ხარძიანის ცემის ფაქტიც.
როგორც მოწმემ განაცხადა, გიორგი ხარძიანი, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი, ამტკიცებდა, რომ მასზე გია უდესიანმა კუს ტბის წილის დათმობის გამო იძალადა. მოწმეთა ჩვენებებში, ასევე ნახსენები იყო გარდაცვლილი ბიზნესმენის ციხეში ყოფნის პერიოდი. ბრალდების მხარის მტკიცებით, სწორედ ამ გაუსაძლისმა პირობებმა, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობამ იქონია გავლენა წილების დათმობაში. 
ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ციხეში მისი წამების შესახებ, სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომლებმა და ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ხარძიანის საკანში იხდიდა სასჯელს, ხარძიანის წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაადასტურეს. მოწმეებმა განაცხადეს, რომ წამების მიზანი კუს ტბის და ქონების დათმობა იყო. დავალება კი გლდანის ციხის ხელმძღვანელებისგან მოდიოდა.
ხარძიანის წამებაში და წამების ორგანიზებაში ბრალდებულები ალექსანდრე მუხაძე და გია უდესიანი არიან. ხარძიანის ოჯახი მკვლელობაში სწორედ გია უდესიანს ადანაშაულებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment