თურქეთის ხელისუფლება სტამბოლში მოძრავ ტაქსტებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებს. ქალაქის ხელმძღვანელობის თქმით, ამის მიზანი მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოებაა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
"ამერიკის ხმის" ცნობით, ტაქსებში კამერების დამონტაჟება შესაძლოა 2016 წლის ზაფხულში სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდეს, კერძოდ კი გამოცემა წერს, რომ კამერებს მოსახლეობაზე თვალთვალისა და კონტროლის მექანიზმად გამოიყენებენ.
"სტამბოლში ახალი ტაქსები ნავიგაციის სიტემებით და ვიდეო-კამერებით იქნება აღჭურვილი, მომხმარებელს მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე პლასტიკური ბარათებითაც შეეძლება", - ასე არეკლამებს სტამბოლის მთავრობა ახალ ინიციატივას, რომელსაც უკვე ბევრი აკრიტიკებს.
როგორც გამოცემა წერს, ტაქსში დამონტაჟებულ კამერას მგზავრი ჩაჯდომისთანავე შეამჩნევს, თუმცა უცნობია ეს კამერები გამოსახულებას იწერს მხოლოდ თუ მასთან ერთად საუბრის ხმას.
2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 260 ადამიანი. თურქეთის მთავრობა ამბოხის სულისჩამდგმელად აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.
ერთი წლის განმავლობაში თურქეთში 50 ათასი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად გიულენის მოძრაობის წევრობა ედებათ. ანალოგიური ბრალდებით 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment