Tuesday, October 3, 2017

რატომ აღარ სურთ სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ფასილიტატორობა და როგორ აფასებენ მათ მუშაობას



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„ფასილიტატორობა რომ აღარ გინდა ეს განცხადება როდის იწერება?“, – ასეთი კითხვით მიმართა ერთ–ერთმა ფასილიტატორმა კოლეგებს სასწავლო პროცესის დაწყებამდე.
კითხვის ავტორს არაერთი პედაგოგი გამოეხმაურა და როგორც შეფასებებიდან აღმოჩნდა, ფასილიტატორობაზე უარის თქმა არაერთ მასწავლებელს სურს.
–„მეც აღარ მინდა იმ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობის მიღება. მასწავლეთ რა გავაკეთო!“
–„ჯერ იყო და ყველა კოლეგის გვერდზე მე ავტვირთე ყველა დოკუმენტაცია, მერე იყო და ოქმების წერაში მითენდებოდა და მიღამდებოდა, ახლა კიდე ამდენი ოქმი დაასკანერე…სამ კრედიტს დავაგროვებ სულ უბრალოდ, ფასილიტატორობის გარეშე და დავისვენებ..“
–„მართლაც ძალიან დიდი შრომაა ფასილიტატორობა“
–„კურდღელს თავისი ქონით ტუჩს წვავდნენო ჩვენზეა“
–„შარშან ხელფასებსაც გვპირდებოდნენ, თუ გახსოვთ. მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობაო. და ახლა სულ გაჩუმდნენ. ალბათ ხმას რომ არ ვიღებთ იმიტომ“
–„როგორც ჩანს, ყველა სკოლაში ფასილიტატორებს მოუწიათ ყველაფრის კეთება… კიდევ გვაყვედრიან იმ უბედურ 3 კრედიტქულას, გეგონება ვინმე ტყუილად გვაძლევს..“
–„ყველგან ერთი დუღარე დუღს ვატყობ. უამრავი შრომა და დაყვედრებული მომავალი 3 კრედიტი, ასეთი არაფერი არ ღირს. დიდი სირცხვილია რასაც დღეს სკოლებში ფასილიტატორებისგან ითხოვენ და თან ამადლიან“, – ასეთია ზოგიერთი ფასილიტატორის პოზიცია.
ერთ–ერთი ფასილიტატორი მასწავლებლის თქმით, ამისათვის მან განცხადება დაწერა, რომელიც პედაგოგიურმა საბჭომ დაამტკიცა.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის თანახმად, „ფასილიტატორი ეხმარება მასწავლებლებს ინდივიდუალურ საჭიროებათა დადგენაში, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, მიღწეული შედეგების შეფასებაში. ფასილიტატორი მონაწილეობას იღებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში.“
ფასილიტატორის ძირითადი ფუნქცია არის საკუთარი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, მათი დახმარება სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით განხორციელებაში. მას შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით.
რაც შეეხება არჩევის წესს:  სკოლის  ფასილიტატორებს  პედაგოგიური  საბჭოს  წევრები ირჩევენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით. საბოლოოდ კი მას სკოლის დირექტორი ბრძანების საფუძველზე ამტკიცებს.

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, ფასილიტატორთან დაკავშირებულ ყველა საკითხს თავად სკოლა წყვეტს, მათ შორის ამ პოზიციიდან ჩამოშორებასაც. რაც შეეხება სახელფასო დანამატის საკითხს, „ამ დროისათვის დანამატი განსაზღვრული არ არის. საუბარია მხოლოდ კრედიტქულებზე.“
–არაერთი ფასილიტატორი ამბობს, რომ დროის ფაქტორის გამო არ უნდათ ეს სტატუსი და უარის თქმა სურთ. რომ აგვიხსნათ, რა პროცედურას გადის ასეთ დროს თავად ფასილიტატორი, როგორ ხდება ახალი ფასილიტატორის არჩევა და რჩება თუ არა მას უფლება გამოეთიშოს ფასილიტატორობას და შემდეგ ისევ დაბრუნდეს?
–მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი: ყველა საკითხს წყვეტს სკოლა. უარის თქმის უფლება აქვს და ესეც სკოლის გადასწყვეტია. მსურველები საკმაოდ არის, მიუხედავდ იმ კრიტიკული შენიშვნებისა, რაც გაისმის ამ ინსტიტუციის მიმართ. ვფიქრობ, ფასილიტატორის სტატუსმა უკვე მოიპოვა აღიარება როგორც მასწავლებლის დამსახურების და პროფესიონალიზმის აღიარების ერთ-ერთმა ფორმამ.
mananaratiani–თქვენი შეფასება რომ გვითხრათ, ფასილიტატორის ინსტიტუტის მუშაობაზე, რამდენად დამაკმაყოფილებელია, ხომ არ გათავისუფლებულა ვინმე აქამდე და რა მონაცემები არსებობს მათი მუშაობის ხარისხის თაობაზე? მოწმდებიან თუ არა და ვისგან?
მანანა რატიანი: ფასილიტატორის მუშაობა ფასდება  სქემის მიმდინარეობის ყოველწლიური კვლევების ფარგლებში, ადმინისტრაციის და მათი კოლეგების მოსაზრებების გამოკითხვის საფუძველზე. სქემის მონიტორინგის ფარგლებში ხარვეზების რაოდენობა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ფასილიტატორების კომპეტენტურობასთან სკოლაში, რამდენად ახერხებს ის სწორი დახმარება გაუწიოს კოლეგებს. ჩვენს ცენტრში სატელეფონო მომართვების რაოდენობას სქემის ფარგლებში გაურკვეველ საკითხებზე კავშირშია ფასილიტატორების კომპეტენციასა და მუშაობის ეფექტიანობასთან.
ვფიქრობ, რომ მდგომარეობა ჩვენი რეალობის ადეკვატური და ნორმალურია. მიმდინარეობს სქემის დანერგვის და  დახვეწის პროცესები. ამის მიმანიშნებელია თუნდაც საპრეტენზიო განაცხადების ოდენობა. ამ ეტაპზე საპრეტენზიო კომისიაში შემოსულია ჯერ 40 სააპელაციო განაცხადი, თუმცა ვადა 20 ოქტომბრამდეც არის გახანგრძლივებული.
ფასილიტატორებთან, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი არის სამუშაო და ეს მხარდაჭერის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ტარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები შეფასების ჯგუფების წევრებთან. ყოველდღიურად ჩვენი პროფესიული განვითარების  სამსახური სატელეფონო კონსულტაციებს უწყვეტად უწევს ათეულობით ფასილიტატორს და ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გვაქვს მათთან მიმოწერა.
ვფიქრობ დღეს, სქემის ამოქმედების 2 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვენელოვანია არ გადავუხვიოთ არჩეული გზიდან, დავხვეწოთ პროცესი და ვიყოთ თანმიმდევრულები.  შეფასების პროცესების გადატანა შიდა სასკოლო სივრცეში უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია სკოლების განვითარებისა და სასწავლო პროცესების გაუმჯობესებისათვის, რაც აუცილებლად აისახება ჩვენი შვილების ცოდნასა და უნარებზე.
edu.aris.ge
 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment