პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მაუწყებლის შესახებ კანონში" ცვლილებებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა ხვალ, 18 დეკემბერს გაიმართება.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრებენ იმაზე თუ რა გავლენას მოახდენს ამ კანონში ცვლილებები მედიაზე.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს, ეხება მედიას და გამოხატვის თავისუფლებას, ეხება ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს. მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან ბევრი შენიშვნა და კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა, ამიტომ პრეზიდენტი აპირებს შეხვდეს იმ მხარეებს რომლებსაც ეს მოსაზრებები გამოთქმული აქვთ - მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს", - განაცხადა ანა დოლიძემ.
პარლამენტმა ხმაურის შემდეგ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს მაუწყებლობის შესახებ. თუმცა ამ დრომდე სადავო რჩება მთავარი საკითხი - უნდა შეეძლოს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის განმავლობაში კომერციული რეკლამის განთავსება და სტარტაპების დაფინანსება.
ერთი პუნქტის მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის საათებში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება უნდა მიეცეს, ხოლო მეორის მიხედვით მაუწყებელმა შესაძლოა სტარტაპები დააფინანსოს, რაც ტელე-რადიო ან ონლაინ პროდუქციის შექმნის წახალისებას გულისხმობს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც მათი შეფასებით, მიმართულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებულ, რეიტინგულ მაუწყებლად გარდაქმნაზე.
ინიციატივას კერძო, ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიები ეწინააღმდეგებიან. მათი წარმომადგენლების განცხადებით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა ტელევიზიებთან თანაბარ პირობებში იქნება, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება აზრს კარგავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით თვით უმრავლესობაშიც აზრთაა სხვადასხვაობაა. ოპიზიციაც და მმართველი პარტიის ერთი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ამით კომერციული ტელევიზიებისთვის არაკონკურენტული გარემო იქმნება. თუმცა, კანონპროექტს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა.ეკა ბესელიას თქმით, მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შემოსავლებისა და ასიგნებების მართვასთან დაკავშირებული მუხლი ჩასწორდა.
ცვლილებებს ეწინააღმდეგება მედიაკოალიციაც.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment