მცხეთაში, ძველი კინოთეატრის ბაზაზე მშენებარე არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კრამიტსამარხი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული კრამიტსამარხი სავარაუდოდ გასულ საუკუნეში უცნობი დანიშნულების შენობის აგებისას არის დაზიანებული.
სააგენტოს ცნობით, ქვაბულის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა დამტვრეული, ძირითადად ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის საკმაოდ მძლავრი, დაახლოებით 1,4 -1,6 მ. სიმაღლის ფენა.
კრამიტყრილს მკვლევრები გასული საუკუნის 60-იან წლებში განხორციელებულ არქეოლოგიურ გათხრებს უკავშირებენ, რომლის დროსაც გამოვლინდა დიდი მცხეთის ახ. წ.V-VI სს. კარიბჭე.
სპეციალისტების აზრით, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ფენის ადგილი, რომელიც ახ. წ. VI საუკუნის კარიბჭემდე დიდი მცხეთის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ უბანს წარმოადგნედა, სამომავლო გაწმენდასა და სამეცნიერო შესწავლას საჭიროებს.
„არქეოლოგიური მუზეუმის სარეკონსტრუქციო მოედანზე საველე არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე წარიმართება.
არქეოლოგების მოლოდინით, საკვლევ ტერიტორიაზე, მაღალი ალბათობით, დიდი მცხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს გამოვლენილი არტეფაქტების მსგავსად, ძვ. წელთაღრიცხვის I და ახ. წელთაღრიცხვის I-III და IV-V საუკუნეების არქეოლოგიური ობიექტები და ნაშთები აღმოჩნდება“, -აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment